დაილევა თუ არა ვაკეში ყავა?.. ანუ პირველი ემოციები

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცლილი საარჩევნო ყუთები და ფიქრები ორი პროცესის მიჯნაზე... ამონარიდები სოციალური ქსელიდან - ვინ რას წერს და რატომ? პასუხის ძიება კითხვაზე - რავარია, ჰაა?

საკამათო არ არის, რომ ახლა ჯერ კიდევ ის დროა, როცა წლის მთავარი მოვლენისა და მასთან დაკავშირებული ნიუანსების შეფასებისას, ნაფიქრალ-ნააზრევის ემოციურად გამოხატვას ფართო გასაქანი მიეცა. ხუმრობა არ არის, ხანგრძლივი, წინააღმდეგობრივი და პოზიტიური თუ ნეგატიური სიურპრიზებით დატვირთული ერთი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. მალე ახალი დაიწყება და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მრავლისმნახველნი ვიქნებით, უფრო მეტიც შესაძლოა ყველაზე დიდი გაოცება მომავალში გველის, როცა ჩვენივე არჩევანის შედეგს მოვიმკით და არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ ნეგატიური ან პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს. მრავალგზის მითქვამს — „ამ ქალაში ყველაფერი  მოსულა!..“ და შესაბამისად ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ… მანამდე კი არის დრო და ერთად გადავხედოთ რას ფიქრობს პოლიტიკური ბატალიების შემხედვარე განცვიფრებული, დაღონებული, ამაყი, აღტკინებული თუ იმედგაცრუებული მოქალაქე…  

ხმის მიცემის პროცესი - Sputnik საქართველო
მოგერინიმ და ჰანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი უწოდეს
   

„კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან!.. კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა!..“ 

„ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის ეგზიტპოლშიც კი როგორ გადააგდო თავისი „საყვარელი პოლიტიკოსი“ შალვა ნათელაშვილი!..“

„ვინმემ თქვა, რომ წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“?.. მე მგონია, რომ მოგებულები უფრო არიან!..“

„სადაც ბიძინა გეგიძე უგებს ელენე ხოშტარიას, იმ უბანში ყავა როგორ უნდა დალიო?..“

საარჩევნო ხმების სამართლიანად დათვლის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია ცესკოსთან

ეს მხოლოდ რამდენიმე ამონარიდია „FACEBOOK“ —ის იმ ე.წ „პოსტებიდან“ არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში რომ დაიწერა… ცნობილების ნაფიქრალი აქვეა უფრო ვრცლად.  

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: „მთავარი ისაა, რომ კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა. კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთი მავანის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან. ასეთებმა იმრავლეს კიდეც. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ოპოზიციური ძალა კატეგორიულად არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი და მას მხოლოდ საპროტესტო მუხტის მითვისება და გაფანტვა ძალუძს. როგორც არ უნდა მიწყინონ, ეს ასეა. დღეს ხელისუფლებას არ ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ შემთხვევითი პოლიტიკური დემაგოგების ხელში ჩავარდება. ასეთი პარლამენტი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი ვერ იქნება. ისევ იმის იმედი თუ გექნება კაცს, რომ მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც რამდენიმე ადამიანს მაინც ესმის, თუ რა ცუდი სურათი მივიღეთ. ეს დიდი ვერაფერი იმედია, მაგრამ სხვა რა გზაა?! ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა (როგორც ამას უცხოელებმა უწოდეს) „ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი…“ პოლიტიკური პარტიები „ერთადერთი და განუმეორებელი“ ფეოდალების ხელშია, კბილებით რომ იცავენ თავის სამფლობელოებს. იდეოლოგიურ ტყუპისცალებს საერთო ენა ვერ უპოვნიათ. მავანთა პიროვნული მესიანიზმით ჩნდება და ქრება კარიკატურული პოლიტიკური წარმონაქმნები. თუ ადრე ამას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს უკვე ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკურ და პიროვნულ ნარცისიზმზე აღარაფერს ვიტყვი. სამარცხვინოა, ნარცისივით იქცეოდე და ასეთი შედეგები გქონდეს. იდეოლოგიური სნობიზმი და ზერელობა ხომ კიდევ ცალკე პრობლემაა. მოკლედ ვართ იქ, სადაც ვართ…“

ცესკო - Sputnik საქართველო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა

ჟურნალისტი ია ანთაძე: „ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა შედეგი იქნება საბოლოოდ და ექნება თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ შედეგებზე ფიქრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც მივიღებთ, სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებული, გაუყალბებელი, არაძალადობრივი არჩევანის შედეგი…“

ჟურნალისტი თეა ბარამაშვილი: „არც მიშა ჩამოდის საქართველოში, არც სანდრა ჩადის ზუგდიდში და არცა შიოლა ყოფილა…“

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე: „კარგი იქნება, ეგზიტპოლები რომ ავკრძალოთ! ეგენი ფულს აკეთებენ და ჩვენ ნერვები გვაწყდება!.. ახლა კი ნამდვილად ჩაუვარდა კოვზი ნაცარში მიხეილ სააკაშვილის, მანდ ისეთები არიან, შევლენ კი არა, ვერავინ შეასწრებს, შეიძლება უკვე იქ სხედან კიდეც. აწი თავად მიშასაც მოისვრიან, მისგან ხეირს აღარ გამოელიან. წაგებასაც მთლიანად მიშას დააბრალებენ! ჯერ მხოლოდ „რაზგონს“ იღებენ და ცოტა ხანში მაგარი ურთიერთანათემიზაცია დაეწყებათ!..“

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: „ნაციონალური მოძრაობის“ უარი პარლამენტში შესვლაზე შეცდომა იქნება

მწერალი პაატა ქურდაძე: „ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის ეგზიტპოლშიც კი როგორ გადააგდო თავისი „საყვარელი პოლიტიკოსი“ შალვა ნათელაშვილი! უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი! რა სატიკად და დაუნდობლად დამთავრდა 2016 წლის წინასაარჩევნო ყველაზე ბედნიერი და მთავარი "ლავ სთორი…" ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა, შალიკოსა და ჯულიეტოვნას ამბავისთანა?!..“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: „როცა პარალელური დათვლის და ცესკო-ს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა, უკვე საეჭვო ალბათ არაფერია. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტ/კ „რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლებში მთლიანად ჩაისვარა; ვერც „ქართული ოცნების“ შედეგები გამოიცნო და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“… ტ/კ „იმედმა“ ნახევრად ჩაისვარა; „ქართული ოცნების“ შედეგი თითქმის გამოიცნო, „ნაციონალური მოძრაობის“ — ვერა!..“

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ალასანია პოლიტიკიდან წავიდა

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ვინმემ თქვა, რომ წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“?.. მე მგონია, რომ მოგებულები უფრო არიან… იმ დროს, როცა პარლამენტში ოპოზიციურ ორბიტაზე არც უნდა იყვნენ, არათუ პირველები, არამედ ერთადერთებიც აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს… ძალადობა იყო „შუაშიზმის“ წინააღმდეგ კამპანია, დიახ, მეტი პროპაგანდა უნდა ყოფილიყო ამ „შუაშიზმის“ სასარგებლოდ და არა მის წინააღმდეგ. ამ კამპანიამ პრაქტიკულად სხვადასხვა პარტიის პოტენციურ ამომრჩეველზე იძალადა კონცეფციით „სამშობლო განსაცდელშია, არ მისცე ხმა არავის „ქართული ოცნების“ (ან ნაციონალური მოძრაობის) გარდა“… ამ სტრატეგიით წარმოებული კამპანია, ცხადია, ვერ იქნებოდა ბუნებრივი მოცემულობა — ბუნებრივი არჩევანი…“

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს

ტ/კ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია: „ნეტა იმათ თავში ჩამახედა, ირმა ინაშვილის პარლამენტში ექვსი კაცით შესვლა უფრო დიდი პრობლემა და საგანგაშო სიმპტომი რომ გონიათ, ვიდრე ბიძინას უმრავლესობა. გულუბრყვილობაა, ზედაპირულობა თუ გამოშტერება, არ ვიცი…“

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე: „სადაც ბიძინა გეგიძე უგებს ელენე ხოშტარიას, იმ უბანში ყავა როგორ უნდა დალიო?..“

დასასრულ მსურდა ორიოდე სიტყვა მეც მეთქვა, თუმცა დავფიქრდი და გადავწყვიტე ახლა მხოლოდ გკითხოთ — რავარია, ჰაა?.. დასმულ კითხვას თავადვე ვუპასუხებ და გეტყვით, რომ „სასწაულია“ იმასთან შედარებით აწი რომ იქნება. ახლა ერთად ვიფიქროთ რა შეიძლება იყოს ასეთი…


ყველა ახალი ამბავი
0