თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა გაფართოებისა და კეთილმეზობლური პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადეს, რომ 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი იყო.
პოლიტიკოსებმა განცხადება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ბიუროს დამკვირვებელთა მისიის წინასწარი შეფასებების საფუძველზე გააკეთეს.
„არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, კარგად ორგანიზებული და ძირითადი თავისუფლებები მთლიანობაში დაცული. წინასაარჩევნო კამპანიის ღია, მშვიდ ატმოსფეროზე გავლენა მოახდინა უკანონო აგიტაციამ და ძალადობის ზოგიერთმა ინციდენტმა… მიუხედავად ამის, ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჰანმა და მოგერინიმ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას მისდიონ ეუთოსა და ეუთოს ბიუროს დამკვირვებელთა მისიის მითითებებს.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში საარჩევნო პროცესს, მათ შორის წინასწარ ხმების დათვლის პროცესს, აღნიშნულია განცხადებაში.
„ არჩევნების მეორე ტურისათვის ყველა პარტიამ და კანდიდატმა თავი უნდა შეიკავოს კონფრონტაციისა და ძალადობისაგან, ასევე პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და ქართველი ხალხის ნებას“, — აღნიშნეს ჰანმა და მოგერინიმ.
ევროკავშირის სტრუქტურები ელოდებიან საქართველოში კენჭისყრის შედეგებს, რათა დაამყარონ ნაყოფიერი ურთიერთობა ახალი მოწვევის პარლამენტთან შემდგომში მხარეების ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით, დაასკვნეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.