თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა კმაყოფილია საქართველოში 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნებით, — ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაოლო ალიმ განაცხადა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ალიანსის მონაწილე 28 ქვეყნის დეპუტატი აკვირდებოდა.
„გუშინ ჩვენ ძალიან კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის მოწმენი გავხდით. ეს ათასობით ადამიანისა და საქართველოს მოსახლეობის ძალისხმევის შედეგია. მთელი დღეების მანძილზე ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს“, — თქვა დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეს-კონფერენციაზე.
საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიდერის სტატუსი რეგიონში დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, აღნიშნა მან.
„ეს არჩევნები ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს და ხელს უწყობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ გზაზე“, — დაასკვნა ალიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ანგარიშებმა გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობისას. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ძალადობის მიუღებელ და დაუშვებელ შემთხვევებს, აღნიშნა დელეგაციის წარმომადგენელმა.
მან ასევე დანანება გამოხატა იმის გამო, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.