თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა უარყოფითი შეფასება მისცეს პარტიათა არათანაბარ დაფინანსებას და კომპრომატების გავრცელებას წინასაარჩევნო პერიოდში.
საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 32 კაციანი მისია ჩამოვიდა. მას ლიტველი პოლიტიკოსი ემანუელის ზინგერისი ხელმძღვანელობს.
„არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში მაინც დაფიქსირდა კანდიდატების მიმართ მიუღებელი ქმედებები. ასეთი ქმედებები მეტად არ უნდა განმეორდეს“, — თქვა ზინგერისმა, მონიტორინგის წინასწარი შედეგების წარდგენისას.
მისიის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ძალების დაფინანსების არათანაბარ გადანაწილებაზე.
„ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი დაკვირვება: პოლიტიკური პარტიების დაფინანსება წინასაარჩევნო პერიოდში არასამართლიანად მოხდა, რადგან ზოგიერთმა პარტიამ გაცილებით მეტი თანხები მიიღო, ვიდრე სხვა დანარჩენმა. და ეს სხვაობა მათ შორის ძალიან დიდია“, — თქვა ემანუელის ზინგერისმა.
მან აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემამ ძალია სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება საარჩევნო დარღვევებზე.
„ჩვენი აზრით, შეცდომები, რომელიც დაშვებულ იქნა წინასაარჩევნო პერიოდში — ეს არის როგორც პოლიტიკოსების, ისე მედიის წარმომადგენლების თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, — ხაზგასმით აღნიშნა ზინგერისმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება საქართველოში არჩევნების მეორე ტურს, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს.
„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდგომ პერიოდში ოპოზიციის დემოკრატიული უფლებები დაცული იქნება და პოლიტიკური სიმწიფე საქართველოში მართლაც კარგ მიზნებს მოემსახურება. ასევე იმედი გვაქვს რომ ოპოზიციას პოლიტიკური წნეხი აცდება“, — აღნიშნა ზინგერისმა.