თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „კარგად ორგანიზებული“ უწოდა, მაგრამ საარჩევნო უბნებზე „რამდენიმე ინციდენტთან“ დაკავშირებით სინანული გამოთქვა.
„აშშ ულოცავს ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნების ჩატარებას, რომელიც, ეუთოს წარმომადგენელთა შეფასებით, ძირითადად პასუხობდა ფუნდამენტურ სამართალსა და თავისუფლებებს“, — განაცხადა ამერიკული დიპლომატიური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ამასთან, მან სინანულით აღნიშნა, რომ „დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა“. მისი თქმით, აშშ „სერიოზულად გმობს ძალადობის ამ ცალკეულ შემთხვევებს და დეტალური და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს“.
ჩატარებულ არჩევნებს კირბიმ უწოდა „პირველი ნაბიჯი პროცესში, რომელიც შემდგომში მოიცავს კამათს“ შედეგების შესახებ. მან ყველა დაინტერესებულ მხარეს საკითხების მშვიდი გადაწყვეტისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ვითარებას დიდი გულისყურით დააკვირდება.
კირბის განცხადებით, არჩევნებმა დაადასტურა საქართველოს, როგორც „რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერის“ სტატუსი.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა. ცესკოს საბოლოო შედეგები მეორე ტურის შედეგების შემდეგ განისაზღვრება.