თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში ჩატარდება არაუგვიანეს 2 ნოემბრისა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.
„კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს მას შემდეგ ნიშნავს, რაც პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. შესაბამისად, მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 2 ნოემბერი“, — განაცხადა მიქელაძემ.
სავარაუდოდ, მეორე ტური 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში ჩატარდება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. 23 ოლქში უკვე გაიმარჯვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა. მეორე ტურში ერთმანეთს ორი პარტია დაუპირისპირდება, რომლებმაც უკეთესი შედეგები აჩვენეს.
„წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, თუმცა, საბოლოო შედეგები კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების შემდეგ იქნება ცნობილი“, — აღნიშნა მიქელაძემ.
რაც შეეხება არჩევნებს პროპორციული სისტემით, სადაც „პარტიულ“ ადგილებზე 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძოდა, პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდეგნილი.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა“, — განაცხადა მიქელაძემ.
გუშინ დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა. კომისიის წევრები მათ განხილვას შეუდგნენ.
„პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში“, — განაცხადა მან.
ამ დროისთვის საჩივრების გარკვეული რაოდენობა დაკმაყოფილებულია. მათი უმრავლესობა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხებოდა, აღნიშნა მიქელაძემ.
„აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად, თავად საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე წევრს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა“, — განაცხადა მიქელაძემ.