გაუქმებულმა ხმებმა, შესაძლოა, არჩევნების შედეგები შეცვალოს

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ცესკომ კენჭისყრის შედეგები ხუთ უბანზე გააუქმა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, ხოლო ერთ უბანზე - პროპორციული სისტემით.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ექვს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გააუქმა, რამაც, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს, განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა

„საერთო ჯამში, 5 უბნის შედეგები ბათილად არის ცნობილი როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში, ხოლო ერთი — მარნეულის 34-ე საარჩევნო უბნის შედეგები – მხოლოდ პროპორციულ ნაწილში“, — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოში გრძელდება მონაცემების გადამოწმება და განახლება, რასაც კენჭისყრის შედეგებზე ზეგავლენა შეუძლია, აღნიშნა ცესკოს წარმომადგენელმა.

„ამ ეტაპზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 5%, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ბათილად ცნობილი ოქმები, რომლის მონაცემებიც დაემატება და (შედეგები) შეიცვლება, ანუ ხმები გამოიქვითება“, — განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73-ს — მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

მეორე ტური ერთმანდატიანი 73 ოლქიდან 52-ში ჩატარდება. 21 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0