ერთფეროვანთა სიჭრელე და ტოტალური დაბნეულობა...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ითხოვს ამომრჩეველი, როგორია დაკვეთა და რამდენად ადეკვატურია პოლიტიკური ველი... მივა თუ არა უმრავლესობა საარჩევნო უბანში და ამჯერად რას დაეფუძნება არჩევანი...

შემოდგომა მოვიდა, მაგრამ ქვეყანაში ტემპერატურა ჯერ კიდევ  მაღალია. მას ვინც აგრილებას ელის ვერაფრით ვანუგეშებ, უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში, მაშინაც კი, როცა ტემპერატურა ცელსიუსით დაიკლებს, ჩვენ კიდევ უფრო დაგვცხება, რადგან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო პოლიტიკური ტემპერატურა უკვე მატულობს და ყველაზე მაღალ ნიშნულს ის ოქტომბრის პირველ რიცხვებში მიაღწევს… ამჯერად პოლიოტიკური კლიმატის მოლოდინი გვიან შემოდგომამდე გასტანს. სწორედ ამ დროისთვის საბოლოოდ გაირკვევა ვინ მოიპოვებს ქვეყნის ოთხი წლით მართვის სადავეებს, ვის მოუწევს მმართველთა ოპონირება და ვინ დარჩება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიღმა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI უარს ამბობს საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზირებაზე

გასაკვირი არ არის, რომ ახლა ექსპერტები ერთის მხრივ, პოლიტიკურ ოთხწლედს აფასებენ და მეორეს მხრივ, მომავალი ბატალიების  სავარაუდო შედეგებს  პროგნოზირებენ. არავინ ერიდება ფავორიტებისა და აუტსაიდერების დასახელებას. მათი საერთო მოსაზრებით სავალდებულო ხუთპროცენტიან ბარიერს მაქსიმუმ სამი ან ოთხი პოლიტიკური ძალა გადალახავს და საარჩევნო სუბიექტების უმრავლესობა პარლამენტში ვერ მოხვდება. 

ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე: „პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მოლოდინი მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობასთან დაკავშირებით  ილუზორულად მესახება. მნიშვნელოვანი იქნება თუ რა უმრავლესობით შევა პარლამენტში „ქართული ოცნება“… ის, რომ მმართველი პარტია უმრავლესობას დაეუფლება, მათ შორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მოპოვებული მანდატების ხარჯზე, ჩემთვის საკამათო არ არის. სწორედ „ქართული ოცნების“ შედეგზე არის დამოკიდებული ისიც, თუ რამდენი პარტია გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს. პარლამენტში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ ოთხი პარტია, თუმცა, არსებობს გარკვეული ტენდენცია, რომელიც ასევე მიანიშნებს ორპარტიული პარლამენტის არჩევის შესაძლებლობაზე…“

საარჩევნო კაბინა - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებლების რეკორდული რაოდენობა დააკვირდება

ფორმით ჭრელი და შინაარსით ერთფეროვანი პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო შანსების გათვლები, არსებითად, ელექტორალური ველის შესწავლას და ანალიზს ეფუძნება. რას ითხოვს

ამომრჩეველი, როგორია დაკვეთა და რამდენად ადეკვატურია პოლიტიკური ველი… მივა თუ არა უმრავლესობა საარჩევნო უბანში და ამჯერად რა განსაზღვრავს არჩევანს… ფაქტია, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქართული ელექტორატისთვის, უპრეცენდენტოდ მაღალია რაოდენობა იმ ამომრჩევლისა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. შექმნილი ვითარების მიზეზად ანალიტიკოსები ძირითადად პოლიტიკური პროცესებით საზოგადოების იმედგაცრუებას და საარჩევნოდ პარტიების განსაკუთრებულ „მონდომებას“ ასახელენ.

ექსპერტი სოსო გალუმაშვილი: „წინასაარჩევნო პროცესის შედეგად, ჯერჯერობით ნაცვლად  ინფორმირებული ამომრჩევლისა, ჩვენ დაბნეული ამომრჩეველი მივიღეთ. დაბნეულია ყველა!.. დაბნეულია „გირჩის“ და „ახალი საქართველოს ამომრჩეველი“… წარმოიდგინეთ კიდევ უფრო დაბნეულია პაატა ბურჭულაძის ამომრჩეველი, რომელიც გაურკვევლობაშია ამ გაერთიანების გამო. ახლა, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ მათი იდეოლოგიების მსგავსება დასავლური ღირებულებების ერთგულების ერთიან პლატფორმას ეფუძნება, მათი ერთ ქვაბში მოთავსება, პოლიტიკური აჯაფსანდალის მომზადების ტოლფასია. დაბნეულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი… მას მთელი წელი განახლებაზე, ცვლილებებზე და გარდაქმნაზე ესაუბრებოდნენ, რაღაც პერიოდში ახალი სახეებიც კი წარუდგინეს პარტიის განახლების დასადასტურებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში ლიდერად ისევ სანდრა რულოვსი მოევლინათ… 

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსის სახელი ენმ-ისთვის კარგი პიარ-კამპანია იქნებოდა

დაბნეულია შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველი, რომელსაც მთავარ ამოცანად 100 წლამდე მიღწევის გეგმა დაუსახეს, ხოლო მათი ლიდერის პოლიტიკური გემოვნების ცვლილება კი დედამიწაზე დღე-ღამის მონაცვლეობის ციკლს ასწრებს.

ასევე დაბნეულია ნინო ბურჯანაძის ამომრჩეველი, რომელიც მითიური ბლოკებისა და განბლოკვის იდეით უნდა დაირაზმოს წინასწარ უცნობი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. კოალიცია „ქართული ოცნების“ დაყოფის შემდეგ, ცალკ-ცალკე პარტიების ამომრჩეველი გაცილებით დაბნეულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთიან კოალიციას უჭერდა მხარს…“  შესაძლოა იკითხოთ — რა არის ტოტალური დაბნეულობის მიზეზი? ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  ჩამოყალიბებულ განსხვავებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაზე მიგვანიშნებს.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „თითქმის არ იგრძნობა, რომ ერთ თვეში არჩევნებია. ეს ფაქტი, შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ აგვისტო პოლიტიკურად „მკვდარი“ თვეა. თუმცა, არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს მიზეზი. როგორც ჩანს, ეს გარემოება, უფრო მეტ დაკვირვებასა და ანალიზს მოითხოვს. ერთი რამ ცხადია — დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო ძალზედ მკვეთრად განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული, ურთიერთდაპირისპირებული და რევოლუციური საარჩევნო გარემოსაგან. როგორც ჩანს, სწორედ ამ ახალ რეალობას ალღო ვერც ამომრჩეველმა და ვერც პოლიტიკურმა სპექტრმა აუღო. ამიტომ ამომრჩეველი დაბნეულზე მეტად,  ჩემი აზრით, ინდიფერენტული გახდა. ამ მდგომარეობიდან ამომრჩევლის გამოყვანას საარჩევნო პროგრამა, რომელიც არც არავის აინტერესებს და არც ვინმე კითხულობს, ან გნებავთ სააგიტაციო მასალის გავრცელება, ვერ უშველის, უფრო ძლიერი სტიმულატორებია საჭირო, რომელიც მთელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა სპექტრმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა განახორციელოს…“

გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა იცის როგორ ავიცილოთ თავიდან პოლიტიკური დაპირისპირებები

ერთი სიტყვით, იკვეთება, რომ ჩვენი საზოგადოება გაურკვევლობის სინდრომის ტყვეობაშია. გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენები და ცდომილებები წარამარა წამოყოფენ თავს ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ გაურკვევლობის გამოხატულებაა ის, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბებულა თუ ვის მისცემს ხმას.  

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი: „არსებულ რეალობაში გაურკვეველი ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და ფიქრობს, არჩევნებში ვინ არის ის ღირსეული პარტია, რომელიც მის პატრონად შეიძლება იქცეს. ჩვენი ამომრჩეველი დაბნეულია იმიტომ, რომ ვერ ხედავს პარტიებს შორის განსხვავებას. ჩვენი ძირითადი პოლიტფიგურანტები იმდენად ერთნაირები არიან, რომ ადამიანები მათ საარჩევნო პროგრამასაც კი აღარ ეცნობიან. ასე, რომ ამ არჩევნებზე მოსახლეობა ხმას იმ პარტიას მისცემს, რომელშიც მისი მეზობელი, კლასელი, მეგობარი ან ნათესავი იქნება. სხვა კრიტერიუმი, სამწუხაროდ, ამომრჩეველთა უმრავლესობას არ გააჩნია…“

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლებისა და ბურჭულაძის პოლიტიკური „კვარტეტი“

ოთხწლიანი დაძაბული პოლიტიკური მარათონის დასრულებამდე დრო სულ უფრო ცოტა რჩება. საარჩევნო სუბიექტების სასტარტო პოზიციები და მათი მთავარი გზავნილები მალე საბოლოოდ გამოიკვეთება, თუმცა ამჯერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დარჩენილ დროში ვინ მოიპოვებს ე.წ ჩამოუყალიბებელი ელექტორატის მხარდაჭერას…

ვნახოთ შეძლებენ თუ არა თავად გაბნეული ჩვენი პოლიტფიგურანტები მათივე ძალისხმევით  დაბნეული ელექტორატის გამოფხიზლებას…  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0