თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. არჩევნებზე სამოქალაქო აქტივობის შედეგი იქნება პოლიტიკური დაპირისპირების დასრულების გარანტი, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ევროპულ არჩევანზე, არჩევანის თავისუფლებაზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა, კორცხელის ინციდენტს, კიდევ ერთხელ უწოდა სამარცხვინო და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს თავად საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება.
„მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, იქნება რიგები, იმისთვის რომ ჩვენ როგორც მოქალაქეებმა ჩვენი პიროვნული ვალი განვახორციელოთ, არასდროს არ განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ ჩვენს წარსულში», — თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ესა თუ ის ამომრჩეველი, მიუღებელია მუშტიკრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად და ამ სამარცხვინო ფაქტზე ადექვატური რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება.
„მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე, არამედ თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება და დამიჯერეთ შეფასება უნდა ადეკვატურად გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტიურობით საარჩევნო უბნებთან",- განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის.
„ჩვენი აქტიური თანამშრომლობა პოლიტიკოსებთან, მათთან დიალოგში ყოფნა, დისკუსიის რეჟიმში ყოფნა არის გარანტი ჩვენი სახელმწიფოს მართლაც დემოკრატიული და სიღრმისეული განვითარების",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.