თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. უცნობმა პირებმა ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გატეხეს. პარტიის წევრებს ოფისში კარადები დახსნილი, ხოლო კომპიუტერები ჩართული დახვდათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
„ეს არის ჩვეული პრაქტიკა, რომელიც მთელი ოთხი წელია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ხორციელდება. ჩვენ ძალადობისა და დაშინების რეჟიმში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას და კორცხელის შემდეგ არავის ჰქონდა ილუზია იმისა, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან რეჟიმში ჩაივლიდა“, — განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლეილა ქებურიამ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ქონების დაზიანების“ მუხლით. დამნაშავეს ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაო ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეს მიმდინარე კვირაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის უკვე მესამე ფაქტია.
ხუთშაბათს, 11 აგვისტოს ღამით პარტიის დედოფლისწყაროს ოფისს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ქვები დაუშინეს, ხოლო ბანერი საღებავით შეღებეს.
იმავე დღეს ინციდენტი მოხდა გორში, როდესაც ქარხანა „კულას“ დირექტორმა ივანე გოგლიძემ პარტიის გორის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრია.
მოგვიანებით გოგლიძემ განაცხადა, რომ ამით მან სიკეთე გაუკეთა ნაციონალურ მოძრაობას და მათ სუფთა ჰაერის მიღების პრობლემა გადაუჭრა.