თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საწარმო „კულას“ დორექტორმა ივანე გოგლიძემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის ფანჯრის მინები იმიტომ ჩაამსხვრია, რომ შენობის გაგრილება სურდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ბასილაშვილმა ივანე გოგლიძე პარტიის ოფისზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ბასილაშვილის განცხადებით, გოგლიძე ოფისს თავს იმიტომ დაესხა, რომ მისი ძმა ალექსი გოგლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას „ნაციონალებიდან“ აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაძაბული ვითარების გამო, ფაქტობრივად, ჰაერი არ ჰქონდათ და მინებიც დაზიანებული იყო. მე ეფექტურად და უმტკივნეულოდ გადავწყვიტე მათი პრობლემა და მათ მიიღეს სუფთა ჰაერი და ახალი იდეები. მგონი, ეს ყველა პარტიას გამოადგება, მით უმეტეს, რომ ისინი დაზიანებულ მინებს გამოცვლიან“, — განაცხადა გოგლიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. მანამდე კი წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული.