თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მისია (OSCE/ODIHR), საქართველოს მთავრობის მოწვევით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარემოს დაკვირვებას დღეიდან შეუდგება.
მისიის წევრებმა სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართეს შეხვედრა. მინისტრმა დამკვირვებლებს მისიის ეფექტურ საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობის პირობა მისცა.
„ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეუთოსთან ამ მიმართულებით 1999 წლიდან. ხაზი უნდა გაესვას, რომ წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი ეუთოს მისიის ფარგლებში — 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან“, — განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.
საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის საქართველოს მთავრობამ ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბული სახელმწიფოების ლიგა, აფრიკული კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია წარმომადგენლები დაახლოებით 80 ქვეყნიდან.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქვეყნის რეგიონებში 26 მობილური ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომლებიც თვალს მიადევნებენ საპარლამენტო არჩევნებს და ყველა დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.