რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი პრაღაში

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სავიზო რეჟიმის, შპიონაჟისთვის გასამართლებულთა და ქართული კინოარქივის გადაცემის საკითხები.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

 „ძირითადად ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული თემები“, — განაცხადა აბაშიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მოლაპარაკებები იყო საინტერესო და როგორც ყოველთვის, ჰქონდა საქმიანი და კონსტრუქციული ხასიათი, განუცხადა, თავის მხრივ, კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული პრაგმატული კურსი, აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში შეხვედრის შედეგების მიხედვით. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ ისწრაფვის

 „აღინიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გაგრძელდეს დიალოგი რუსულ-ქართული კავშირების გააქტიურების კონკრეტულ საკითხებზე იმ სფეროებში, რომლებშიც, დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე შესაძლებელია პროგრესი — ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროები“, — აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

მთლიანობაში სამინისტროში განაცხადეს, რომ ურთიერთობების მოგვარების კუთხით ბოლო ოთხ წელიწადში მიღწეული შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ეკონომიკური ურთიერთობები

მოლაპარაკებების მსვლელობისას აბაშიძემ და კარასინმა გააანალიზეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და შესამჩნევი პროგრესი აღნიშნეს.

 „არის გარკვეული ზრდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. რუსი ტურისტების რაოდენობაც წელს, პრაქტიკულად, რეკორდულია“, — განაცხადა აბაშიძემ.

ავია და ავტოგადაზიდვების ზრდის ტენდენცია კარასინმაც დაადასტურა. 

სატვირთო მანქანები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: ავტომაგისტრალი 24 საათი გახსნილი იქნება

„შესამჩნევი ტემპებით იზრდება ავიანაკადი, ახლა ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველდღიურად მრავალრიცხოვანი რეისები სრულდება. მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობაში თვითმფრინავებით გადაყვანილია 400 ათასზე მეტი მგზავრი, ამ პერიოდში, მთლიანობაში, საქართველოში მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა“, — აღნიშნა კარასინმა.

ქართული საქონლის იმპორტის გაზრდაზე რუსული მაღაზიების დახლებზე ქართული ღვინის ასორტიმენტის გაზრდა მეტყველებს, დასძინა კარასინმა.

რუსეთი კვლავ ქართული ღვინის პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარია — მიმდინარე წელს ქართული ღვინის მიწოდება რუსეთში 36%-ით გაიზარდა, აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბიზნეს-ფორუმი

თბილისში მიმდინარე წლის ნოემბერში  რუსული და ქართული ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება. ბიზნეს-ფორუმის ჩატარება რუსულ-ქართული ურთიერთობების ატმოსფეროს გაჯანსაღების მორიგი დადასტურება უნდა გახდეს, მიიჩნევს კარასინი.

 „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მუდმივად უმჯობესდება. ეს ორივე ქვეყნის ბიზნესმენების ფორუმმაც უნდა დაადასტუროს, რომლის ჩატარებაც მიმდინარე წლის ნოემბერში, თბილისშია დაგეგმილი. დიდი ალბათობით, მისი მონაწილეები მრავალ ურთიერთმომგებიან შეთანხმებას დადებენ“, — განაცხადა კარასინმა. 

რუსეთისა და აშშ-ს ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი ლიდერობს

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, IT-ტექნოლოგიების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრის ჩატარების ადგილი და დრო ზუსტდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფორუმი თბილისში გაიხსნება და რამდენიმე დღეს გასტანს.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,5%-ით გაიზარდა და 390,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

სავიზო საკითხი

რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე მუშაობს, განუცხადა კარასინმა ქართველ კოლეგას შეხვედრაზე.

„მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რათა მოხდეს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება, გაუქმებაზე საუბარი არ არის, მაგრამ, თუ რეჟიმი გამარტივდა, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება“, განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე საუბრობს

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები სჭირდებათ.

გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.

 „შპიონების საქმეები“

თბილისი მუშაობს, რომ რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში გათავისუფლდნენ.

 „ჩვენი მოქალაქეები რუსეთში სასჯელს შპიონაჟის ბრალდებით იხდიან. როგორც ცნობილია, ბოლო დროს შვიდი ჩვენი მოქალაქე გავათავისუფლეთ. გვინდა, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში ბოლომდე მივიყვანოთ“, — განაცხადა აბაშიძემ.

უფრო ადრე აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთში გასამართლებული ქართველები სამშობლოში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან. ამასთან, დიპლომატს საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთში სასჯელს ამგვარს საქმეებზე იხდიან, არ დაუსახელებია. 

კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კახი კავსაძე რუსეთში დააჯილდოეს

წითელი ხაზები

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ადმინისტრაციულ საზღვარზე — ეს ის საკითხებია, რომლებიც აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში შეხვედრაზე განიხილეს.

თუმცა, აბაშიძეს არ დაუზუსტებია, თუ რა დასკვნამდე მივიდნენ მხარეები.

ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო ძალების წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის და ინტერპოლს მიმართა შუამდგომლობით — ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. თავად კანჯი-ოღლი შინაპატიმრობაში იმყოფება აფხაზეთში.

ქართულმა მხარემ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას საქმის მასალები გააცნო, მათ შორის, დნმ-ის ანალიზის შედეგები და ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

კულტურის ხიდი

ქართველი რეჟისორების კინოფირების ორიგინალები, რომლებიც ათეული წლებია, რაც რუსული კინოფონდის არქივში ინახება, საქართველოს ეტაპობრივად გადაეცემა. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები ბრიუსელიდან არ უნდა დაალაგოს

 „იწყება ჩვენი კინოარქივის მოსკოვიდან თბილისში გადმოტანის პროცესის პრაქტიკული რეალიზაცია. 25 წელიწადია თითქმის მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, მცდელობები და ახლა უკვე, ჩვენი კულტურის სამინისტრო ასრულებს ამ მუშაობას“, — განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კარასინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოდან რუსეთში მსახიობებისა და შემოქმედებითი კოლექტივების გასტროლების განახლება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაჩინო მაგალითია.

 „რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ბევრ სფეროში ფართოვდება, კერძოდ — კულტურის სფეროში. მაგალითად, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მაყურებელი ცოტა ხნის წინ თბილად დახვდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სპექტაკლებს. დაიწყო თბილისისთვის ქართველი კინემატოგრაფისტების საბჭოთა პერიოდის ფილმების ორიგინალების გადაცემის პროცესი, რომლებიდ დღემდე მოსკოვში ინახება“, — განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებისას აბაშიძემ მას აცნობა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მომხრეა, რომ დიალოგი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოგვარების შესახებ აქტიურად გაგრძელდეს.

 „დღეს ბატონ აბაშიძეს გადავეცი  სოჭის  ახალგაზრდობისა და სტუდენტების მე-19 მსოფლიო ფესტივალის ორგანიზატორების მოსაწვევების ასლები ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. ეს ფესტივალი 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ქართველ ბიჭებსა და გოგონებში დიდ ინტერესს გამოიწვევს“, — განაცხადა კარასინმა.



ყველა ახალი ამბავი
0