თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერსა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს ბრიუსელიდან არ უნდა ალაგებდეს.
ამის თაობაზე ბურჯანაძემ საკუთარი ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ საერთოდ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა ნატოსთან, არ ვიაროთ ბრიუსელში და არავის ველაპარაკოთ. თუმცა ვამბობთ, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს ბრიუსელიდან არ უნდა ვალაგებდეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ ლაგდება ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. რუსეთთან უნდა გვქონდეს პირდაპირი საუბარი“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრები რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.
ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ამოცანაა, გამოვიდეს ის ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, სხვა სახელმწიფოების პრიორიტეტების გათვალისწინებით, მათ შორის, მეზობელი სახელმწიფოების კანონიერი ინტერესებისა.
„ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ გარკვეულ თანამშრომლობას ნატოსთან. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას ევროკავშირთან, მაგრამ მოსახლეობის მოტყუება საქართველოს ალიანსში და ევროკავშირში შესვლის შესახებ, უნდა დამთავრდეს“, — ხაზი გაუსვა მან.
ბურჯანაძის თქმით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის უმწეობასა და დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმას ნიშნავს, ტყულია.