თბილისი, 17 აგვისტო— Sputnik. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი ლიდერობს-ივლისში ამ ქვეყნიდან 37,7 მილიონი დოლარია გადმოგზავნილი, რაც 5,5%-ით მეტია მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.
ივნისში გზავნილების ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 37,4% რუსეთის წილს შეადგენს. ივლისში საქართველოში სხვადსხვა ქვეყნიდან საერთო ჯამში 100,7 მილიონი დოლარია გადმოგზავნილი.
ამასთან ერთად, გასულ წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა. პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლები თანხა შემოვიდა.
2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ დაახლოებით 211 მილიონი დოლარი შეადგინა.