თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს — იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველომ ამ ქვეყანაში 12,7 მილიონ ბოთლზე მეტი გაგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 50%-ით მეტია.
სულ საქართველოდან 2016 წლის დასაწყისში ექსპორტირებულია 23,9 მლნ ბოთლზე (0,75 ლ) მეტი, რაც, 2015 წლის მონაცემთან შედარებით, 42%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველომ მსოფლიოს 44 ქვეყანაში 55,3 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაგზავნა, რაც 2015 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.
ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა (დაახლოებით 2,6 მლნ ბოთლი). ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 72% შეადგინა.
7 თვის მონაცემებით, მესამე ადგილზეა ჩინეთი, სადაც დაახლოებით 2,5 მლნ ბოთლის ღვინო იყო ექსპორტირებული. ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 152% შეადგინა.
ქართული ღვინის ძირითად ექსპორტიორთა ხუთეულში ასევე შევიდნენ ყაზახეთი — 1,9 მლნ ბოთლი და პოლონეთი — დაახლოებით 1,2 მლნ ბოთლი. შვიდ თვეში ექსპორტი ყაზახეთში 24%-ით შემცირდა, ხოლო პოლონეთში — 29%-ით გაიზარდა.
ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ყირგიზეთში 107%-ით გაიზარდა, ბელარუსში — 122%-ით, ესტონეთში — 57%-ით, დიდ ბრიტანეთში — 44%-ით, გერმანიაში — 21%-ით, იაპონიაში — 12%-ით და ა.შ.
უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რაც მსოფლიოს 16 ქვეყანაში ხორციელდება, 4,3 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა (0,5 ლ), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 32%-ით მეტია.
ფულადი გამოსახულებით სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.