საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს. ქვეყანაში გაუსაძლისი სოციალური ფონია და ამას არავინ უარყოფს… დაკვირვებული მკითხველი უსათუოდ შენიშნავდა, რომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტ-ანალიტიკოსები ეჭვის ქვეშ არ აყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებსა და მოქალაქეთა ყოფით პრობლემებს ასახავს… ერთი სიტყვით, შეფასებების ნდობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. განსხვავებულია მოსაზრებები არსებული რეალობის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემათა მოგვარების საშუალებებზე, ხედვებსა და მიდგომებზე…
მრავალი წლის მანძილზე ხელისუფალთა „გონივრული“ პოლიტიკის შედეგად შექმნილ ვითარებას, ბოლო დროს კიდევ უფრო ართულებს ლარის ჭირვეული და მერყევი ხასიათი. უკვე ერთი თვეა, რაც ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2,34-2,35-ის ფარგლებში ტრიალებს. ეს კი, ალბათ, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კურსი იპოვა. ახლა ეკონომიკურად აქტიური სეზონია, ტურისტული ნაკადიც დიდია და თუ ლარს გამყარების მეტი რესურსი არ გააჩნია, შემოდგომისთვის, სავარაუდოდ, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება.
რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას უახლოეს მომავალში? ამის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: „გაზაფხულზე იყო დადებითი ტენდენციები და ძვრები. შემცირდა ფულადი გადმორიცხვების კლება. ამავე დროს, საქართველოში ვიზიტორების უფრო მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. იყო დადებითი მოლოდინები და ყველა ამ კომბინაციამ გაზაფხულზე ლარის გამყარება გამოიწვია. ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ და ვფიქრობთ, რომ ეს იყო უფრო ჩქარი, ვიდრე ის ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რომელიც მაშინ არსებობდა. ვფიქრობ, რომ მაშინ ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ კურსი დაკორექტირდა იმ დონეზე, რაც დღეს გვაქვს. რაც შეეხება სამომავლოდ არსებულ მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. ეროვნულ ბანკს არა აქვს ორიენტირი გაცვლით კურსთან მიმართებაში, შესაბამისად, არა გვაქვს რაიმე განსაზღვრული და კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით…“
დღეს ასეთია პირველი ბანკირის პოზიცია, უახლოესი წარსულის შეფასება და მომავლის მისეული პროგნოზი… არადა, ჯერ კიდევ ხუთიოდე კვირის წინ მთავრობის წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ლარი გამყარებას კვლავაც განაგრძობდა. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გვაიმედებდა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური: „უახლოეს მომავალში ლარის კურსის რყევებს არ ველოდებით. ეროვნული ვალუტა მომავალშიც განაგრძობს გამყარებას, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მოქმედება განაპირობებს…“
დარწმუნებული ვარ, მკითხველს ისიც ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ ივნის-ივლისის გასაყარზე ჩვენი ექსპერტები მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარებას პროგნოზირებდნენ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ გრძელვადიან პერიოდზე საუბარი უჭირდათ. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და მკითხველმა თავად განსაჯოს, დროის რა მონაკვეთია მოკლე და გრძელი.
თქვენი არ ვიცი და მე ისიც მაიმედებდა, რომ ლარის გამყარების პარალელურად, საგრძნობლად შეივსო ქვეყნის სავალუტო რეზერვები. ეს ის დროა, როცა ეროვნული ბანკი ამერიკული დოლარის შეძენის გზით, ლარის გამყარების პროცესს აკავებდა. სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, ლარის კურსი დოლარის მიმართ საგაზაფხულოდ კიდევ უფრო გამყარდებოდა. სავალუტო რეზერვების შევსებისა და ლარის კურსის თანდათანობითი გამყარებისკენ მიმართულ პოლიტიკას ექსპერტების დიდი ნაწილი დადებითად აფასებდა. არა მხოლოდ სწრაფი გაუფასურებაა ცუდი, არამედ ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ სწრაფი გამყარება ეკონომიკისთვის ასევე საზიანო აღმოჩნდეს… ეკონომიკამ ახალ რეალობასთან ადაპტირება უნდა შეძლოს — ასეთი იყო მაშინ ფინანსისტების შეფასებების ძირითადი პათოსი.
ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. არის შიში იმისა, რომ არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება. ფინანსისტები ამას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გაუფასურება მოსახლეობას და ეკონომიკას მორიგ დიდ დარტყმას მიაყენებს.
ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე: „იმედია, რომ ეს არ არის ლარის ახალი წონასწორობის კურსი და ის გამყარდება. თუკი მოკლევადიან პერიოდში ლარი არ გამყარდა, მაშინ სამომავლოდ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამოვრიცხავ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები შემოდის, ტურისტული ნაკადი მზარდია, ჩემთვის გასაკვირია, თუ რატომ არ ხდება ლარის უფრო მეტად დასტაბილურება და გამყარება. არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ახალი წონასწორობის კურსი, მაგრამ, თუ მანამდე ლარი არ გამყარდა, წლის ბოლოს და განსაკუთრებით, იანვარ-თებერვალში, როდესაც არააქტიური პერიოდია, იგი კიდევ უფრო გაუფასურდება. თუ ეროვნულმა ბანკმა დღეს არ გამოიჩინა ინიციატივა, ვიმეორებ, ლარი გაუფასურდება. ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. არ შეიძლება, ეროვნული ვალუტა მოკლევადიან პერიოდში ხან მკვეთრად ეცემოდეს, ხან კი მყარდებოდეს…“
ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი ყოველთვის ასახავს რეალურ სიტუაციას. რა იქნება, როდესაც ტურისტული სეზონი გადაივლის? სავარუდოდ, ლარს სერიოზული პრობლემა შეექმნება.
ექსპერტი დავით წიქარიძე: „ზაფხულში ლარზე მოთხოვნა იზრდება. გარდა იმისა, რომ უცხოელი ტურისტები ჩამოდიან, შიდა ტურიზმიც აქტიურდება. ამ პერიოდში კურსი ყველაზე მეტად უნდა იყოს სტაბილური, თუმცა რეალურად რა ხდება სავალუტო ბაზარზე, ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ კურსის ფორმირებაში არ ვერევითო, ეს ძალიან კარგია.
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ჩვენი ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გამოდის, რომ დღეს ლარის ამ კურსის შენარჩუნება ხდება მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე, რადგან ექსპორტ-იმპორტის ბალანსი საკმაოდ უარყოფითია. როცა ტურისტული სეზონი გადავა, მაშინვე სერიოზული პრობლემა ექნება ეროვნულ ვალუტას და შესაბამისად, მოსახლეობასაც და ბიზნესსაც…“
სპეციალისტების ერთი ნაწილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, პროგნოზირებისგან თავს იკავებს და იძლევა რეკომენდაციებს, რომელთა შორის აქტუალურია დედოლარიზაციის საკითხი.
ექსპერტი არჩილ ბაკურაძე: „ჩემი აზრით, დღევანდელი კურსი არის რეალურად ჯანსაღი კურსი, რომელიც საქართველოში და რეგიონში არსებულ ვითარებას ასახავს. ეს უნდა აღვიქვათ, როგორც ახალი წონასწორობის კურსი, რომელიც, არავინ იცის, როდემდე იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ პროცესებზე… რეალურად ის, რომ ცოტა გაუფასურდა ლარი, ამ კუთხით, შესაძლოა, კარგი რამეც დავინახოთ. საბოლოო ჯამში, შესუსტებული ვალუტა ახალისებს ქართულ ექსპორტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და ეკონომიკას არაფერი ცუდი არ ეტყობა. რეკომენდაცია და გამოსავალი ის არის, რომ გააქტიურდეს დედოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები და მოსახლეობაზე კურსის ცვალებადობაც ცუდად აღარ მოქმედებდეს. პროგნოზის გაკეთება, თუ რა მოხდება შემოდგომაზე, ძალიან რთულია.,..“
შემოდგომა ჩვენში ცხელი იქნება. ახალი „პატრონის“ შერჩევა ადვილი საქმე არ არის. ჩამოყალიბება განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა საფულე ცარიელია და კუჭი არ არის სავსე. ახლა მახსენდება კარლ მარქსის სიტყვები: „…განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“ და ძნელად წარმომიდგენია, არსებულ ვითარებაში რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას… არჩევნებამდე სულ ორი თვე დარჩა და გადამცვლელი ჯიხურების ციფრებზე, სავარაუდოდ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული…