თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების სფეროს რეგულაციის საუკეთესო ნორმების შემუშავებას ცდილობს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს მთავრობა ონლაინ-სესხების გაცემის სფეროს დასარეგულირებლად საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. კერძოდ, მუშავდება მექანიზმები, რათა ონლაინ-სესხების გაცემა და ამასთან დაკავშირებული ურთიერთობები სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს.
ეროვნული ბანკი ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს და ამ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად იქნება საქართველოს რეალობასთან დაახლოებული, განაცხადა გვენეტაძემ.
„არსებობს სხვადასხვა მოდელები. არის ქვეყნები, სადაც ეროვნული ბანკი ახდენს ამ საკითხის რეგულირებას, არის ქვეყნები, სადაც მთავრობა არეგულირებს ამ თემებს", — აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. მათ მიერ გაცემული პირველი სესხი, როგორც წესი, უპროცენტოა და ეს ფაქტი აქტიურად გამოიყენება კონკრეტული მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის რეკლამისას, თუმცა არ ხდება მოსახლეობის ინფორმირება შემდგომი კრედიტების საპროცენტო განაკვეთის ოდენობაზე.
საშუალოდ, კრედიტის მოცულობა 50-დან 700 ლარამდეა. ონლაინ-კომპანიების მომხმარებელი მოკლევადიან სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე იღებს. სესხი 10-15 წუთში მტკიცდება და მომხმარებლისადმი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მისი ასაკი მინიმუმ 20 წელი უნდა იყოს.
მომხმარებელთა უმეტესობა სესხს 500-დან 1000 ლარის ფარგლებში იღებს და, მიუხედავად უსაშველოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება.