ფინანსთა სამინისტრო: მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლამდე გადაიდო

© facebook.com/mofgeorgiaნოდარ ხადური
ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნორმის შემოღება, რომელიც საწარმოს მოგების ნაწილს გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ ის საწარმოს განვითარებაში ინვესტიციაზე იქნება მიმართული, შემდეგი წლისთვის გადაიდო.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება — საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ბიზნესმენთა თხოვნის საფუძველზე, რეფორმის ამოქმედების ვადა ექვსი თვით გადადო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მთავრობაში ე.წ. ესტონურ მოდელზე დაფუძნებული საგადასახადო სისტემის ცვლილების კანონპროექტი მომზადდა. კერძოდ, აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.

მერაბ კოსტავას ქუჩა - Sputnik საქართველო
ბიზნეს–ასოციაცია: 1 ივლისიდან მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედება ნაადრევია

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ (BAG) ხელისუფლებას მოუწოდა, მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრამდე გადადოს, რათა ბიზნესმენები საფუძვლიანად მოემზადონ და უმნიშვნელოვანესი რეფორმის დისკრედიტაცია არ მოხდეს. ბიზნეს-ასოციაციის შეფასებით, რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს.

„მთავრობისთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები. მნიშვნელოვანია ასევე რეფორმის განხორცილების გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ამ ნორმის ამოქმედების თარიღის გადავადებასთან დაკავშირებით, ხადურის განცხადებით, დღის წესრიგიდან მოიხსნა ასევე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირების აუცილებლობა, რომელიც აუცილებელი იქნებოდა მოგების გადასახადის ახალი მოდელის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედების შემთხვევაში.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად განხორციელდება.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო რეფორმა განიხილეს

„პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს — ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1 იანვრიდან მოხდება”, — განაცხადა ხადურმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის თავდაპირველ ინიციატივაში მოგების გადასახადის რეფორმა ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებზე არ ვრცელდებოდა, მაგრამ ბიზნესის წარმომადგენლებთან რიგი შეხვედრების შემდეგ ხელისუფლებამ რეფორმის პროცესში ფინანსური სექტორის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, „მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას:

• დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში;

• პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით;

• ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს;

• რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;

• გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;

• გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;

• შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;

• ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;

• ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;

• გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;

• გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

კანონპროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს, რომელთა აქტიურობის შესახებ ჩანაწერები არ არსებობს, ჩამოეწერებათ 2011 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო ვალი, ასევე ჯარიმები 2013 წლის 1 იანვრამდე დავალიანებისთვის, თუ ძირითად თანხას დაფარავენ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა

ასევე გათვალისწინებულია, რომ საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ხოლო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო სამსახური განახორციელებს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ბიზნესთან ერთად გაიმართება მსჯელობა ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ცვლილებათა პროექტი, რომელიც მთავრობამ 12 თებერვალს განიხილა, პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარედგინება.

მოგების გადასახადის რეფორმის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიმდინარე წლის 15 იანვარს განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0