თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა. თბილისში ისინი 2015 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, უცხოური ინვესტიციებით და დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას ეხება.
სტუმრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით.