თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მთავრობამ ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რეფორმის განხორციელება დაგეგმა, განაცხადა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის (GMA) გამგეობის თავმჯდომარემ ბესიკ შენგელიამ.
მოგების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმაა. უკვე გვქონდა საშუალება გავცნობოდით რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს, დღეს გვქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. ადვილია იმ დადებითი შედეგების დასახელება, რაც მოჰყვება აღნიშნული რეფორმის განხორციელებას, მით უფრო, თუ ის გავრცელდება საფინანსო სექტორზეც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი კაპიტალია და ახალი ინიციატივა ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას ქვეყენაში, რაც მნიშვნელოვანია, ეს იქნება ლარში დაგროვილი ფინანსური რესურსი, რომლის ინვესტირებაც მოხდება ბიზნესში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირებაც. გვინდა ვისურვოთ, რომ რეფორმა რაც შეიძლება მალე გავრცელდეს საფინანსო სექტორზეც“, — განაცხადა ბესიკ შენგელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გრძელდება ვადების განხილვა, თუ როდის გახდება შესაძლებელი რეფორმის გავრცელება საფინანსო სექტორზე.
„მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე ვისაუბრეთ იმ რევოლუციურ სიახლეებზე, რომლებიც იგეგმება საგადასახადო კანონმდებლობაში. ჩვენ აქტიურად ვხვდებით ბიზნეს-სექტორს და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს უფრო მეტად ადაპტირებული და ერგებოდეს იმ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს“, — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მთავრობაში ე.წ. ესტონურ მოდელზე დაფუძნებული საგადასახადო სისტემის კანონპროექტი მზადდება. კერძოდ, აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.