თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, აგრეთვე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას.
ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსათვის“, რომელიც საქართველოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის მანდატის მოპოვებისათვის წარუდგინა.
პროგრამის თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში საბაჟო კანონმდებლობა დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ეფექტიანი საბაჟო კონტროლის პროცედურები.
მოხდება საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი) ნაწილში.
სახელმწიფო გადასახადის გადამხდელს განიხილავს როგორც პარტნიორს ქვეყნის აღმშენებლობასა და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული სახელმწიფო სერვისის მიწოდებაში. აქედან გამომდინარე, გაგრძელდება მუშაობა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საგადასახადო ვადლებულებების შესრულების მიმართულებით.
გაგრძელდება დიალოგი ბიზნესის წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ მათი ობიექტური, პრაქტიკული პრობლემები გათვალისწინებული იყოს საკანონმდებლო დონეზე. შემოსავლების სამსახურში შეიქმნება ინფორმაციული ბაზა (ნორმატიული აქტები, საგადასახადო და სასამართლო დავების შედეგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა), რაც შესაძლებელს გახდის გადამხდელის მიმართ სისტემურ ერთიან მიდგომას, რომლის საფუძველზეც გამოიცემა საჯარო გადაწყვეტილებები.
გაგრძელდება მუშაობა გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისა და საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციის მიმართულებით. ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, დაიხვეწება საგადასახადო კონტროლის პროცედურებისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების 18 უზრუნველყოფის ღონისძიებების მარეგულირებელი ნორმები.
მოხდება საგადასახადო დავების განხილვის არსებული სისტემის სრულყოფა. გაგრძელდება ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და საქონლის/მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობისათვის შესაბამისი საგადასახადო მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.