თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს მიერ DCFTA-ით (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
ასეთი შეფასება მისცეს თბილისში გამართულ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართული მხარის მიერ შესრულებულ ვალდებულებებს.
კომიტეტმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა DCFTA–ს განხორციელების კოორდინაცია, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა, საქონლით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება. შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს თითოეულ სფეროში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
„ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე შეთანხმება, 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.
საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს. გარდა ამისა, ხელშეკრულება ევროკავშირის 28–იდან 27 ქვეყანაში უკვე რატიფიცირებულია. დარჩენილია ბელგია.