თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მოგების გადასახადის გაუქმებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოების განვითარებაში იქნება რეინვესტირებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
საქართველოში ესტონური საგადასახადო სისტემის ელემენტების დანერგვაზე მსჯელობენ. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან აქტიურად მუშაობს.
„საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადი 15%-ს შეადგენს.
პრემიერმა განაცხადა, რომ კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. მთავრობა კანონპროექტს უახლოეს მომავალში გაეცნობა, რის შემდეგაც ის პარლამენტს წარედგინება.
„ეს ისეთი საკითხია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.