თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს მე–11 შეხვედრის მონაწილეებს ქვეყნის მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები გააცნო, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
გეგმა მოიაზრებს საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირებას, დამწყები ბიზნესმენების დაფინანსებას, მართვის სისტემის რეფორმას, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროფესიული განათლებისადმი ახლებურ მიდგომას.
„უპირველეს ყოვლისა, საუბარია საგადასახადო რეფორმაზე—გადავდივართ გადასახადების ადმინისტრირების ესტონურ მოდელზე. ჩვენ გავაუქმებთ მოგების გადასახადს. ვამზადებთ შესაბამის კანონპროექტს, რომელსაც მთავრობა განიხილავს უახლოეს მომავალში და ორიოდე თვეში, იმედია, გვექნება ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლის თანახმადაც დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდები“, —მოჰყავს კვირიკაშვილის ციტატა მთავრობის მეთაურის პრესსამსახურს.
ამას გარდა, პრემიერს თქმით, მთავრობას განზრახული აქვს დაეხმაროს დამწყებ მეწარმეებსაც.
ასევე იგეგმება სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულების პროცესს დააკვირდება.
პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის გარდა, მთავრობა ეძებს საუკეთესო გზებს საქართველოს ინფრასტრუქტურული ბაზის შესაქმნელად, რათა უმოკლეს ვადაში დასრულდეს ავტომაგისტრალების მშენებლობის უკვე არსებული პროექტები და ასევე აშენდეს ახალი გზები, რითაც საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება განათლების სისტემის რეფორმას, პრემიერის თქმით, „სახელისუფლო რესურსები უფრო ეფექტიანად იქნება მიმართული იმ სპეციალობებზე, რომლებიც მოთხოვნადი იქნება მომავალში“.
„ჩვენ მეტ სახელისუფლო რესურსს დავუთმობთ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას. ამ შემთხვევაშიც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებით კი პროფესიული სასწავლებლები, მთავრობის პრიორიტეტთა სიაში იქნება“, — თქვა კვირიკაშვილმა.