თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია (BAG) ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრამდე გადადოს, რათა ბიზნესმენები საფუძვლიანად მოემზადონ და უმნიშვნელოვანესი რეფორმის დისკრედიტაცია არ მოხდეს. ასეთი მიმართვა გაუგზავნეს ბიზნესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, იუწყება ბიზნეს–ასოციაცია.
მთავრობაში ე.წ. ესტონურ მოდელზე დაფუძნებული საგადასახადო სისტემის კანონპროექტი მომზადდა. კერძოდ, აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.
„მოგების გადასახადის რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არის რევოლუციური ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის ზრდას და სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენს მისცემს დამატებით მოტივაციას ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად”, — განაცხადეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.
რეფორმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, თუ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნეს ასოციაციაში.
ბიზნეს–ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს.
„იმ ფონზე, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ჯერ კიდევ არ დაუწყია საკანონმდებლო ორგანოს, ამ ცვლილებების ნაჩქარევად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედება გაზრდის ადმინისტრირების თანმხლებ რისკებს, მინიმუმამდე შეამცირებს პოტენციური ხარვეზების დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას და შესაძლოა გამოიწვიოს ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის იდეის ერთგვარი დისკრედიტაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია“, — განაცხადეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.