თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შემცირების შესახებ და შემცირებას შემდგომშიც განაგრძობს.
რეფინანსირების განაკვეთის წინა შემცირება 2016 წლის 16 ივნისს შედგა და მაშინ განაკვეთი 7,5% —დან 7%-მდე შემცირდა.
„ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ინფლაციის მომავალ მაჩვენებელზე დაყრდნობით. არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალი იქნება შემდგომი კვარტლების განმავლობაში, რაც იძლევა პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას”, - განაცხადა ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
არსებული პროგნოზით მიზანშეწონილია გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს, აღნიშნა გვენეტაძემ.
„მაგრამ ეს არ არის არანაირი წინაპირობა ან ვალდებულება, შემცირების ტემპი და შემდგომი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და ინფორმაციებზე“, — აქვე ხაზი გ აუსვა მან.
ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციაზე დადებითი გავლენა იქონია ინვესტორთა გაზრდილმა აქტივობამ და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ ზრდამ.
კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.