თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლისთვის ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 3%-დან 3,5%-მდე გაზარდა, ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
„ეკონომიკური აქტივობის ზრდას კვლავ ხელს უშლის საგარეო ფაქტორები. თუმცა შედარებით გააქტიურებულია შიდა და უცხოური ინვესტიციები. წინა პროგნოზების დროს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 3-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, ხოლო ამჟამად ეს პროგნოზი 3,5 პროცენტია, ის, რასაც ველოდებით”, — თქვა გვენეტაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის პოზიტიური ეფექტები.
გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ამავე დროს ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ, ასევე ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდის პერსპექტივამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2,5% იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი 3,4%-ს პროგნოზირებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის იანვარ–მაისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,9% შეადგინა.