მომენტის „ფასი“ და „თეთრი ცხენი“

© REUTERS / MURAD SEZERბოსფორზე ხიდის განთავისუფლების შემდეგ
ბოსფორზე ხიდის განთავისუფლების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო გადატრიალების წინაპირობები... რეალურად ვინ დგას წარუმატებელი ამბოხის უკან, რა ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და როგორ განვითარდება მოვლენები.. თურქეთი სისხლიანი ღამის შემდეგ...

ბოლო დღეების მოვლენები გვარწმუნებს, რომ თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნიუანსი კიდევ დიდხანს იქნება მედიის ყურადღების ცენტრში….  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაში 2002 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში მოვიდა, ხოლო შემდგომ პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა. იგი 14 წელია, ქვეყანას მართავს. ბუნებრივია, მას ეყოლება როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ვფიქრობ, რაც თურქეთში ხდება, არ გახლავთ მხოლოდ საშინაო პრობლემა და იგი ბევრ წილად საგარეო ფაქტორებსაც უკავშირდება, ვინაიდან უკანასკნელ წლებში ანკარის საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვდა. სწორედ აქედან გამომდინარე საკითხავია: რა იყო გადატრიალების მიზანი? რეალური ცვლილებები ქვეყანაში თუ მხოლოდ მისი ხელისუფლების შეცვლა…. თურქეთში ყურადღება დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე მახვილდება. თურქეთი ევროპაზე და დასავლეთზე არის ორიენტირებული და ერდოღანის პოლიტიკას, რომ ქვეყანაში იყოს ერთმართველი, აშკარაა, რომ თურქეთში მოწინააღმდეგეები ეყოლება. ახლა მართლაც საინტერესოა, თუ ვინ იდგა ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან, რამდენად დიდია მასში ჩართულ ადამიანთა, მათ შორის — სამხედროების, წრე. ამას უფრო სიღრმისეული ანალიზი დასჭირდება…

მაქსიმ შევჩენკო - Sputnik საქართველო
რუსი ექსპერტები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას აანალიზებენ
  

სისხლიანი ღამის მიზეზები და შესაძლო გავლენა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მოსალოდნელი ცვლილებები პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობებში, თურქეთის როლი მსოფლიო და ევროპული უსაფრთხოების სისტემაში… ამჯერად — ხედვები ოკეანის გაღმიდან და თბილისიდან.

ანალიტიკოსი ემზარ მაკარაძე: „სამხედრო გადატრიალების მიზეზი, შესაძლოა, ქვეყანაში დამძიმებული პოლიტიკური და სოციალური ვითარება ყოფილიყო. კონსტიტუციის დარღვევა, ერთპიროვნული მმართველობა, თავისუფლებების შეზღუდვა და სხვა. არაა გამორიცხული, მიზეზი საგარეო ფაქტორებიც ყოფილიყო. ვგულისხმობ იმას, რომ თურქეთს ბოლო პერიოდში მართლაც არა აქვს კარგი ურთიერთობა ევროპასთან და ვაშინგტონთან მიმართებაშიც ურთიერთობები ერთობ გაციებულია. შესაძლოა, ყველაფერი ეს ყოფილიყო მომხდარის მიზეზი. მაგრამ, ჩემი აზრით, ძნელია იმის თქმა, რომ განვითარებული მოვლენების შედეგად, რაღაც პროცესს წერტილი დაესვა. მალე გაირკვევა ანკარასა და სტამბოლში მომხდარი სახელმწიფო მმართველობის პრობლემებია, თუ ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პიროვნებას უკავშირდება…“  

სტრატეგიული თვალსაზრისით, გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტაქტიკური მნიშვნელობით კი ოპერაციები ისევ გრძელდება — ასეთია თურქეთის მოვლენებზე ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას მოსაზრება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამბოხება თურქეთში არც რუსეთს აწყობდა და არც აშშ–ს, ეს სუფთა „თურქული მოვლენაა“

ამერიკის შეერთებული შტატები სრულ თანადგომას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას — ეს ოფიციალური ვაშინგტონის პირველი რეაქციაა თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამბოხების ჩახშობის შემდეგ კი თურქეთი ამერიკას „ინჯირლიკის“ სამხედრო ბაზაზე წვდომას უბლოკავს, რასაც მეთიუ ბრაიზა თურქეთის მიერ ამერიკის მთავრობაზე გავლენის მცდელობად აფასებს. მიზეზი — სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი, პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის ოფიციალურ მოთხოვნაზე თეთრი სახლის ფრთხილი და გაწონასწორებული პოზიციაა. გავიხსენოთ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის სიტყვები: თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს. ამბოხებიდან მალევე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ არ შეიძლება „თურქეთის პენსილვანიიდან მართვა“ და ლოგიკურად ადვილად გასაგები უნდა იყოს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს გამოცდა ელის.

გოგონა, ამბოხების ჩახშობის შემდეგ, პოლიციელებთან ერთად ფოტოს იღებს - Sputnik საქართველო
გიულენმა ამბოხებას თურქეთში ხელისუფლების „ინსცენირება“ უწოდა
  

მეთიუ ბრაიზა: „მოსამართლეების ერთი მესამედი დაკავებულია, ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკის სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს თურქეთის „ინჯირლიკის“ ბაზიდან. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია…“

შეგახსენებთ, რომ „ინჯირლიკის“ ბაზას ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიისთვის იყენებდნენ. სავსებით ბუნებრივია ამერიკელი დიპლომატის მოსაზრება, რომ ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას იწვევს, რაც ლოგიკურად ხელს შეუშლის ორი ქვეყნის ურთიერთობებს. 

მეთიუ ბრაიზა: „თუ კვლავაც ასე გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალზე პესიმისტური მოლოდინი მაქვს. სულ ცოტა ხნის წინ  NATO-ს სამიტზე განიხილავდნენ, როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით „ისლამური სახელმწიფოსგან“, დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს  NATO-ს წევრ და ლიდერ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა…“

ჯონ კერი - Sputnik საქართველო
კერიმ განცხადებებს თურქეთის მოვლენებში აშშ–ის მონაწილეობის შესახებ სიცრუე უწოდა

მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საინტერესოა, ჩვენს რეგიონში ვინ შეასრულებს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის როლს და ზოგადად, რა ბედი ეწევა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკას. კონკრეტული მოსაზრებები ჯერ-ჯერობით არ ჩანს და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება დროს მივანდოთ. 

საინტერესოა, რა გავლენა ექნება არშემდგარ ამბოხს ერდოღანის მმართველობაზე. რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტის მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება.  

მეთიუ ბრაიზა: „ახლა სახეზეა პრეზიდენტის ძალის კონსოლიდირება, ეს გამოიხატება მოსამართლეების დაკავებაში, რამდენიმე ათასი ჯარისკაცია დაკავებული, მომდევნო ეტაპი, ალბათ, კონსტიტუციის შეცვლა იქნება, რაზეც რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია საუბრობს. და ამით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, სადაც პრეზიდენტს ყველაზე მეტი ძალა ექნება. თურქეთის სამივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა და სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო. ნათელია, რომ ერდოღანი ამ მომენტით ისარგებლებს და პოზიციებს გაიმყარებს…“

ნატო - Sputnik საქართველო
კერი: თურქეთი, შესაძლოა, ნატოდან გარიცხონ

ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ სირიის მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სივრცის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ახალი გადანაწილების პროცესებს და მიმდინარეობს მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ბრძოლა ამ სივრცეში რაც შეიძლება, უკეთ დამკვიდრებისათვის.

მამუკა არეშიძე: „მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერდოღანმა მშვენივრად იცოდა, რომ მზადდებოდა ჯანყი მის წინააღმდეგ და უბრალოდ, მოვლენებს დაასწრო. სტიმული მისცა ამბოხის დაწყებას თავისი მეთოდებით და სამხედროებს ამბოხი ისეთ დროს დააწყებინა, როდესაც ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ. საბოლოო ჯამში, შეიძლება ასეც ითქვას — პოლიტიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ ამბოხებით „უამრავი კურდღელი დახოცა“. ამბოხებულებს დააბრალა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, მაშასადამე, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ამერიკელებს დააბრალა, რომ ისინი დგანან ამ ამბოხის უკან. წელში გადატეხა არმია და უახლოეს მომავალში ახალ ამბოხს არ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ, პრეზიდენტი, პრაქტიკულად, „თეთრ ცხენზე დაჯდა“ და განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა. მოკლედ, მან მიაღწია, რასაც უნდოდა… შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, გახდება ერთპიროვნული მმართველი და მერე მიხედავს საგარეო პოლიტიკას. ანუ, ბოლომდე შეეცდება იმ გეგმის რეალიზაციას, რომელიც ყოფილი ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე დღევანდელი თურქეთის გავლენების აღდგენას გულისხმობს…“

ამ მოსაზრებებიდან, შესაძლოა, მრავალი საკამათო იყოს, თუმცა ასეთია ხედვები ოკეანის გაღმიდან და თბილისიდან… ამასობაში თურქეთში პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაგარზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0