თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. განცხადებებს აშშ–ის მონაწილეობის შესახებ თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სიცრუე და ქვეყნების ურთიერთობის დამაზარალებელი უწოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სახელმწიფო დეპარტმენტის განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულაჰ გიულენის ხელი ურევია, ხოლო ქვეყანა, რომელიც მას ხელს აფარებს, თურქეთის მეგობარი არაა.
„თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბარში კერიმ მიანიშნა, რომ აშშ მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიებაში დაეხმაროს, მაგრამ აღნიშნა, რომ საჯარო ინსინუაციები ან მტკიცებები ამერიკის რაიმე როლის შესახებ გადატრიალების მცდელობაში სიცრუეა და ორმხრივ ურთიერთობებს აზარალებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კერიმ თურქეთის საგარე საქმეთა სამინისტროს მომხდარის ვითარებების გამოძიებისას თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის სახელით გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშულია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „აშშ–ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მდივანმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ, გამოძიების პროცესში, ყველანაირ ზომას მიმართოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად.
კერიმ თურქეთის მთავრობას ყველა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა, აღნიშნულია დოკუმენტში. ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს თურქეთის, როგორც ნატოს მოკავშირისა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში კოალიციის საკვანძო წევრის მნიშვნელობა.
პარასკევს საღამოს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს. შაბათს დილით მეამბოხეებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. თურქმა სამართალდამცველებმა თითქმის სამი ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან მაღალი და საშუალო ჩინი მქონე სამხედრო მოსამსახურეები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი დაიღუპა.