თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. გადატრიალების ორგანიზების მონაწილეობაში დადანაშაულებულმა თურქმა მქადაგებელმა ფეთჰულაჰ გიულენმა განაცხადა, რომ ამბოხება, შესაძლოა, თავად მთავრობის მიერ იყო ინსცენირებული.
შაბათს გიულენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავის მიმართ ბრალდებები უარყო.
„არ მგონია, რომ მსოფლიოს პრეზიდენტის (რეჯეფ თაიიფ ერდოღანის) ბრალდებების სჯერა. არის იმის ალბათობა, რომ ეს დადგმული გადატრიალება იყო, რომელიც გიულენის მომხრეების შემდგომი ბრალდებებისთვის შეიძლება ყოფილიყო განკუთვნილი“, – განაცხადა გიულენმა, იუწყება გაზეთი Guardian.
Guardian–ის ჟურნალისტის კითხვაზე, გადატრიალება წარმატებით რომ დასრულებულიყო, დაბრუნდებოდა თუ არა ის სამშობლოში, გიულენმა დადებითი პასუხი გასცა.
„ჩემი სამშობლო ძალიან მენატრება. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს – თავისუფლება. აქ თურქეთის პოლიტიკური პრობლემებისგან შორს ვარ, ჩემს თავისუფლებასთან ერთად ვცხოვრობ“, – განმარტა გიულენმა.
გიულენი აშშ–ის პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ანკარას მისი ექსტრადიცია სურს. გიულენის თქმით, ის უკვე დიდი ხანია, პრაქტიკულად, სახლიდან არ გადის და ურთიერთობები არავისთან აქვს.
პარასკევს საღამოს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს. შაბათს დილით მეამბოხეებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. თურქმა სამართალდამცველებმა თითქმის სამი ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან მაღალი და საშუალო ჩინი მქონე სამხედრო მოსამსახურეები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 104 მეამბოხეა.