თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თურქეთში რაც მოხდა, ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდა წყლის “თურქულ” მოვლენას და თურქეთის ისტორიას ამის მრავალი პრეცედენტი ახსოვს, წერს „ფეისბუქის“ გვერდზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი.
„თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა… ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას… სინამდვილეში კი, რაც მოხდა ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდაწყლის “თურქულ” მოვლენას და თურქულ ისტორიამ ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა…”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მისი განცხადებით, ეს მოვლენები, პირველ რიგში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ინტერესებში შედიოდა. მისი მიზანი თურქი სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოო განიარაღება იყო.
ამისთვის კი, როგორც პოლიტიკოს ამბობს, მან ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ამოირჩია: „ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყნაში გააძლიეროს. ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება, როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში“.
აშშ–საც არ აწყობს დესტაბილიზაცია თურქთში და ერდოღანის პოზიციების შესუსტება, აცხადებს ზურაბიშვილი.
თურქეთს დღეს ყველა გვერდში დაუდგება, თუნდაც ირღვეოდეს დემოკრატიული პრინციპები. „ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში, რამეთუ მან დღეს გაიმარჯვა და რადგანაც ყველას სჭირდება თურქეთის “სტაბილურობა” უფრო, ვიდრე თურქეთის დემოკატიული ორიენტაცია….“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
პოლიტიკოსის აზრით, ამ ახალ ვითარებაში საქართველომ, „ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულმა“, მეტი სიფრთხილე და შორსმჭვრეტელობა უნდა გამოიჩინოს, „რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე, რომ არც ერთის და არც მეორესი მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!“, – აცხადებს ზურაბიშვილი.