სავარაუდოდ უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე მსოფლიო თანამეგობრობის განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავაც ანკარა მიიპყრობს. როგორ განვითარდება მოვლენები და რა გავლენა ექნება 15-16 ივლისის სისხლიან ღამეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე? კითხვები მრავლად არის და მათზე პასუხის ძიება დროს მივანდოთ, რადგან რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლების სამოქმედო გეგმის ჯერ მხოლოდ კონტურები იკვეთება და მისი ნაადრევი შეფასება, ანალიზი შესაძლოა ფინჯან ყავაზე მკითხაობას დაემსგავსოს.
არც ის დავივიწყოთ, რომ თურქეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოა და გაწერილ სცენარში პარტნიორების მხრიდან ყოველ წამს მოსალოდნელია კორექტივები…
თუმცა ექსპერტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ოფიციალურმა ანკარამ სავსებით შესაძლოა ნაკლებად გაითვალისწინოს ევროპული სახელმწიფოებისა და სტრუქტურების ხედვები, უფრო მეტიც, აირჩიოს გზა, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.
ამ კონტექსტში საგულისხმოდ მეჩვენა ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ნაჭყებიას მოსაზრება.
ბადრი ნაჭყებია: „რეჯეფ თაიპ ერდოღანმა მოსამართლეების მესამედი დაიჭირა, აჯანყებულების სამაგალითოდ დასასჯელად სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო შედგენილი… ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მას ხელისუფლების აბსოლუტიზაციის, თავისი გეგმა, ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავს. გადატრიალების შემდეგ გადადგმული ნაბიჯებით ის უარს ამბობს ევროპულ ამბიციებზე, ირჩევს თავის ხაზს, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერდოღანის გზა. ფაქტრობრივად ეს იქნება ”რესპუბლიკელებისა” და ქემალისტების სრული კრახი, რომლის შემდეგაც თურქეთის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ, შესაძლოა, ნაწილობრივ საქმე გვქონდეს 70-იანი წლების ბოლოს ირანში განვითარებული პროცესების მსგავს მოვლენებთან. გადატრიალების ჩახშობის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ გამორიცხავს რეგიონში სულ სხვაგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებას…“
ერთი სიტყვით ნაკლები დრო დავუთმოთ მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირებას და არსებითად ფაქტების კონსტანტაციასა და ანალიტიკას დავჯერდეთ. ერთი საგულისხმო გარემოება… თურქეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხედრო გადატრიალებაში ჩართულმა ძალებმა შედეგს ვერ მიაღწიეს. სავარაუდოდ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეძლო უზარმაზარი ადმინისტრაციული და სამხედრო რესურსის კონსოლიდირება. ამასთან ერთად ამბოხებულებს არ ჰქონდათ პოლიტიკური მხარდაჭერა. ითქვა, რომ სამხედრო გადატრიალება სერიოზულად იყო ორგანიზებული, თუმცა ვიცით, რომ ყველა გადატრიალებას წინ სახალხო მღელვარება უძღვის. ამ შემთხვევაში არაფერი ამის მსგავსი არ ყოფილა… გვახსოვს მხოლოდ ხალხის აღშფოთება თურქეთში განხორციელებული ტერაქტების გამო. რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, თურქეთში კარგა ხანია საუბრობენ, რომ პრეზიდენტმა ათათურქის გზას გადაუხვია. არ არის გამორიცხული, რომ გარე ძალებს მართლაც გარკვეულ წილად ხელი შეეწყოთ მათთვის, ვინც რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეცვლას შეეცდებოდა… თუმცა ისიც ფაქტია, რომ დასავლეთმა მყისიერად გამოხატა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მხარდაჭერის პოზიცია.
დასავლეთის მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია წინა პერიოდებში განხორციელებულ ოთხ სამხედრო გადატრიალებას. დასავლეთს არ გაუპროტეტებია, როცა 1960 წელს აჯანყებულმა თურქმა სამხედროებმა 1961 წელს ჩამოახრჩვეს პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესი და მიაყოლეს ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები — ხასან პოლატკანი და ფატინა რუშტუნ ზოუღლუ…
ამასობაში ანკარამ ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის თხოვნით აშშ-ს ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. როგორც თურქული მედია იუწყება, ბინალი ილდირიმმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც თავის მხრივ გადატრიალებაში ფეთჰულა გიულენის მონაწილეობის მტკიცებულებები მოითხოვა. „ეს უკვე ნათელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ მტკიცებულებების დასტას წარვუდგენთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას მან ადრე სიტყვიერად სთხოვა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება, ახლა კი უკვე თურქეთი ვაშინგტონს ოფიციალურად მიმართავს. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.
ამ ფონზე საინტერესოა როგორ განვითარდება თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ აშშ თურქეთს ფეთჰულა გიულენს არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს და ეს კარგად იცის თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. თურქეთის პრეზიდენტს ეს საკითხი აშშ-სთან ურთიერთობაში ყოველთვის სავაჭროდ ექნება…
კიდევ ერთი საკითხი თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ეხება. ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი ოფიციალურ ანკარას აკრიტიკებს მოსამართლეთათვის იმუნიტეტის მოხსნისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლის მიზანიც სავარაუდოდ, პროქურთისტანული ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. ის ასევე, ხაზს უსვამს, რომ თურქეთის ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ზღუდავს. ევროკომისარის აზრით, თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციას მიმდინარე წელს ვერ მიიღებს.
გიუნტერ ოტინგერი: „კანონპროექტი თურქეთის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროპარლამენტში განიხილება, მაგრამ ჩემი პროგნოზით, უვიზო მომისვლაზე რეგულაციას წლის ბოლომდე ვერ მივიღებთ…“
ახლა შესაძლოა მისაყვედუროთ, რომ დიდ ყურადღებას ვუთმობ თურქეთის დასავლეთის ქვეყნებთან, ევროსტრუქტურებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ნიუანსებზე. არაფერი მითქვამს საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა პერსპექტივაზე და ეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში პირველად იმყოფება.
პროტოკოლით გაწერილი შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა…
„ათათურქმა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ და ლიდერმა, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში“
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურთა შეხვედრა თურქეთში განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა კვლავ გამოხატა საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თურქეთის სტაბილურობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა და თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები. საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ერთობლივ პროექტებს. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეაფასეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების საკითხების განხილვას და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას… თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას…ეს ოფიციალური ინფორმაციაა, როგორი იქნება მეზობელთან ურთიერთობის დინამიკა დრო გვიჩვენებს.