კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი:
როდესაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა პუტინსა და რუსეთს, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ერდოღანის მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა აავსო! თუ გავიხსენებთ ერდოღანის ანტიდასავლურ განცხადებებს, თუ გავიხსენებთ ერდოღანის თავდაპირველ პოზიციას, როცა NATO-ს წევრმა თურქეთმა ალიანსს „ინჯირლიკის“ სამხედრო ბაზის გადაცემაზე უარი უთხრა, თუ გავიხსენებთ, რომ ერდოღანმა სირიაში თავისი თამაში დაიწყო და ამით კოალიციას ხელი შეუშალა, მაშინ მივხვდებით, რომ, რაც 15 ივლისს თურქეთში მოხდა, ეს იყო მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგი.
გარდა ამისა, ერდოღანმა „გადააგდო“ „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და რადიკალური ისლამის მიმდევარი კავკასიელი მოჯაჰედები, რომელთა წინაშეც, როგორც ჩანს, ბევრი ვალდებულება აქვს… ამ ფაქტს მოჰყვა სტამბოლის ტერაქტი. ჩვენმა ორგანიზაციამ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ახლა თურქეთის შიდა ოპოზიციის აქტიურობის ჯერი იყო და როგორც ვხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა. მოკლედ, თურქეთში აწი ხან შიდა ოპოზიცია გააქტიურდება, ხან — დასავლეთი, ხან — ქურთისტანის პრობლემა და ხანაც — განაწყენებული და ერდოღანის მიერ „გადაგდებული" კავკასიელები! თურქეთში არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება!"
ვახტანგ მაისაია ექსპერტი სამხედრო საკითხებში:
ეს არის თურქეთის შიდა პოლიტიკური პროცესები და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ზოგადად საგარეო ფაქტორებთან. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, ერდოღანი კიდევ უფრო გააძლიერებს თავისი მმართველობის ბერკეტებს, იგი გახდება უფრო ხისტი და მყარი თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების და გეგმების განხორციელებაში. რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ერდოღანი გადაერთოს ახლო აღმოსავლეთზე და კავკასიის რეგიონი მთლიანად დაუთმოს რუსეთს. ფაქტობრივად, დღეისთვის თურქეთის პრეზიდენტი ალბათ შეეცდება, აღმოსავლეთში დაიწყოს პოზიციის გამყარება და ქურთების საკითხს წერტილი დაუსვას."
ზურაბ ტყემალაძე პარლამენტის ვიცე სპიკერი:
რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როცა მეზობელ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა. სიტუაცია კინაღამ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის. მინდა გითხრათ, რომ თურქეთი, გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ და მასზე გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენი ქვეყანა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვახდენთ მომწოდებელი ქვეყნების დივერსიფიცირებას და სხვა ქვეყნებიდან შევავსებთ ქართული ბაზრისთვის საჭირო პროდუქტს.
გუგული მაღრაძე პარლამენტის დეპუტატი:
გლობალურადაც და რეგიონშიც საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. თურქეთში მიმდინარე პროცესები მიმართულია ამერიკის გავლენის შესუსტებისკენ და ამ კონფლიქტში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესიც მოჩანს. კარგია, რომ ვერ განხორციელდა თურქეთის მთავრობის შეცვლა და სამხედრო გადატრიალება, რადგან კავკასიის რეგიონში ძალიან აირეოდა ვითარება.
თენგიზ ჩოჩუა