თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ანკარაში 19 ივლისს დაგეგმილი საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სატელეფონო საუბრის მსვლელობისას განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს იმ დაღუპულთა გამო, რომლებმაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. მან თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება.