ამბავი უცხოელისა და ამაოდ აფრიალებული ლოზუნგისა „საქართველოში საცხოვრებლად არ წავალ“

© photo: Sputnik / Levan Avlabreliრეგინა კოლედა–იაკობიძისა
რეგინა კოლედა–იაკობიძისა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ლატვიელ ქალბატონს გაგაცნობთ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კატეგორიულად არ სურდა, მაგრამ ჩამოვიდა და უკვე თბილისელობის 50 წლიანი სტაჟი აქვს.

რეგინა კოლედა–იაკობიძისა, ეკონომიკის პროფესორი, მრავალი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის პედაგოგი — ჩვენს ქვეყანაში სიყვარულს ჩამოჰყვა.

პირველი ნაცნობობა ქართველებთან

წარმოშობით ლატვიიდან ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში გამგზავნეს. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე დავით იაკობიძე.

ქართველების გულღიაობამ და კომუნიკაბელურობამ განმაცვიფრა.  ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა ჰქონდათ, ეს მათსავით არავის ეხერხებოდა. სასწავლებელში ხეირიანად მოწყობილებიც არ იყვნენ, რომ უკვე კოლექტივის წევრები ხდებოდნენ და თან მთელმა მოსკოველმა ქართველობამ იცოდა, რომ კიდევ ერთი მათიანი ჩაირიცხა უნივერსიტეტში.

პაბლო ფერარი თელავთან ახლოს - Sputnik საქართველო
პაბლო ფერარი: დღემდე მიჭირს იმის აღქმა, რამდენად ძველია საქართველო და თბილისი

ქართველებსა და ლატვიელებს შორის განსხვავებამ საერთოდ გამაოგნა. ლატვიელი ბუნებით ინდივიდუალისტია, არავის ძებნას არ დაიწყებს. აქეთ თუ იპოვის ვინმე, თორემ იქით — არასდროს. ლატვიელი თვითკმარია — მარტოობაში არ იწყენს. ქართველები კი პირიქით, მარტო ვერ ძლებენ, მაშინვე კომპანიის ძებნასა და ქეიფს იწყებენ.

ლატვიელს თუ კონიაკი აქვს, ჯერ კარგად იფიქრებს, ვისთან დალიოს და მხოლოდ მერე შეელევა მას. ქართველი კი მყის კომპანიონის ძებნას შეუდგება, დაუფიქრებლად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრინციპი „ყველაფერი ჩემი შენიცაა“ ნამდვილად მუშაობს.

საქართველოში საცხოვრებლად არ წავალ

ჩემი დავითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი მეგობარი თუ კავალერი ბევრად ჟინიანია და შეუპოვარი, ვიდრე ლატვიელი. მოსკოვში რომ ჩავედი უკვე მოწიფული ქალი მერქვა, 18 წლისა ხომ არ ვიყავი?! და როცა შევამჩნიე, როგორი უდრეკი კავალერი მყავდა…

შაჰნოზა მუმინოვა - Sputnik საქართველო
ალაზნის ველის ხიბლი და სამოთხე დედამიწაზე, ანუ „საქართველოს ვეღარსად გავექცევი“

ეტყოდი, მორჩი, გეყოფაო და გიპასუხებდა, რა თავს იფასებო? ქართველ კაცს თავი შეუდარებელი ჰგონია — ერთდროულად აპოლონიცაა და გენიოსიც, ლამის ნობელის პრემიის ლაურეატია, რომ ჰკითხო.

თავიდან ვიფიქრე, რაღაცაშია საქმე, ასე არ ხდება–მეთქი. მაგრამ მერე მე და დავითი თანდათან დავახლოვდით და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. 1974 წელს დავქორწინდით რიგაში და მაშინვე ავაფრიალე ლოზუნგი „საცხოვრებლად საქართველოში არ წავალ!“

ერთ დავითს კიდევ, არა უშავს, ვუძლებდი, მაგრამ მთელ ქვეყანას? ისედაც გაოგნებული ვიყავი ქართველებით და წარმოგიდგენიათ, 4 მილიონი ასეთივე რომ დამხვდებოდა ქვეყანაში?! ასე რომ, მე რიგაში დავრჩი, დავითი კი თბილისში წამოვიდა. ვარიანტებს ვარჩევდით, სად შეიძლებოდა შევერთებულიყავით.

© Levan Avlabreliრეგინა კოლედა–იაკობიძისა
რეგინა კოლედა–იაკობიძისა - Sputnik საქართველო
რეგინა კოლედა–იაკობიძისა

თბილისი სახლად მექცა

ვაჟი შეგვეძინა. მამის საპატივცემულოდ მასაც იგივე სახელი დავარქვი — დავითი. მეგონა, განსაკუთრებული სახელი მქონდა შერჩეული…

მერე, როცა მაინც მომიწია თბილისში საცხოვრებლად გადმობარგებამ, ერთ დღეს გამოფენის ბაღში წავედით სასეირნოდ და… იმდენი დათუნა, დათო თუ დავითი ირეოდა გარშემო, რომ…

კიდევ კარგი, ბავშვს გიორგი არ დავარქვი (იცინის).   

სხვათა შორის, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებას დიდხანს არ ვწერდი. არც ბინიდან ვეწერებოდი. კიდევ დიდხანს ველოლიავებოდი რიგაში დაბრუნების ოცნებას, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაზღვრა: უკვე 50 წელზე მეტია, თბილისელი ვარ.

© Levan Avlabreli რეგინა კოლედა–იაკობიძისა
რეგინა კოლედა–იაკობიძისა - Sputnik საქართველო
რეგინა კოლედა–იაკობიძისა

უმთავრესი მითი

მითი ქართველების შესახებ, რომელიც მსმენოდა, აქ ჩამოსვლის პირველსავე დღეებში განმიქარდა. ახლა იქით ვებრძვი უცხოელებში ფეხმოკიდებულ იმ ცრუ წარმოდგენას, რომელიც ქართველი ქალის საზოგადოებრივ როლს შეეხება.

ვიღაცეებს დღემდე ჰგონიათ, რომ ქალებს საქართველოში  ჩაგრავენ და ამცირებენ. არადა, ეს ტყუილია! სამწუხაროა, რომ ლატვიელ ქალს ისე არ შეუძლია ოჯახში თავის დაჭერა, როგორც ქართველს.

ქართველი ქალბატონები ამაყად თავაწეულები მართავენ ქმრებსაც, ოჯახებსაც და საზოგადოებასაც.

ინა ბლუსენკოვა - Sputnik საქართველო
პირდაპირ გეტყვით: შვილების გაზრდა მხოლოდ საქართველოში მსურს

ან ის, რომ თითქოს საქართველოში ქალებს სუფრასთან არ უშვებენ. კი მაგრამ, ვინმე კითხულობს, როგორ გაუძლებს ქალი ხუთი–ექვსი საათი სუფრასთან ჯდომას და ჭამა–სმას? ქართველი ქალბატონები თავად არ ჩერდებიან სუფრასთან დიდი ხნით, და არა იმიტომ, რომ ამას ან ქმარი უკრძალავს და ან მამა.

ქართული სუფრა

საერთოდ კი ქართულ სუფრასთან საოცარი მეტამორფოზები ხდება. აქ სრულიად უცნობი ადამიანებიც კი ლამის ძმადნაფიცებად იქცნენ.

თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, რა თემებზე ლაპარაკობდნენ სუფრასთან, მაგრამ მერე, როცა ბიჭი წამომეზარდა, უფრო ფრთხილი გავხდი. სულ ვეუბნებოდი, ერთი სიტყვაც არ დაიჯერო, რაც სუფრაზე გესმის, აუცილებელი არ არის, იქ ნათქვამი ყველა სიტყვა გაიმეორო, ჯერ პატარა ხარ–მეთქი. 

ქართული სუფრის კომპლემენტარობა — ეს საერთოდ ცალკე შესასწავლი საგანია: ყველა უახლოესი მეგობარი, ლამის ნათესავი ხდება; აგერ, გუშინ გაცნობილი დაგარწმუნებს, რომ გენიოსი ხარ და შენი ფასი არ დადის დედამიწაზე…

უნდა ვაღიარო: ძალიან ბევრი რამე მეზობელი ქალებისგან ვისწავლე. სტუმრები რომ მოგვდიოდნენ, ვინ შემწვარ ქათამს მაწვდიდა სუფრის გასაწყობად, ვინ — ბაჟეს და ვინ კიდევ — ფხალს… ერთი დიდი ოჯახივით სამეზობლო მყავდა.

მერე და მერე კი კერძების მომზადებაც მათგან ვისწავლე და კარგადაც გავიწაფე. თურმე ყველაფერი მარტივია, უბრალოდ კარგად უნდა შეწვა და მოხარშო, მერე კი სწორად შერჩეული სუნელ–სანელებლები დაუმატო… თუმცა ხინკლის ცომი დღემდე არ გამომდის — მისკდება.

ქართული ხასიათისა და ენის თავისებურებები

ქართველს არ შეუძლია თხოვნაზე უარის თქმა — ეს მის კეთილ ხასიათში დევს. კაცს რომ თვალებში უყურო და „არა“ უთხრა, გამბედაობაა საჭირო და თანაც იმ რეაქციისთვისაც მზად უნდა იყო, რაც ამ უარს მოჰყვება.

და რაღაი ქართველს უარის თქმა არ შეუძლია, დაპირებებსაც იოლად იძლევა და არც რამის თხოვნა ერიდება. დიდი ამბავი, თუ მეზობელს მარილი ან კარტოფილი სთხოვე, ან მეგობარს — მანქანა!

ლატვიაში ასე არ ხდება. არც არავინ მოგთხოვს არაფერს და არც არავინ მოგცემს. ყველაფერი საკუთარი უნდა გქონდეს, თორემ, აბა, ისე რა დიასახლისი ხარ?! აქ კი ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ქართველის ხასიათი ენაშიც აისახება. აი, თუნდაც გამოთქმა „იშოვე ფული“. ანუ, კი არ გამოიმუშაო, წადი და სადმე მოიძიე, ვინმეს სთხოვე — მამას, ძმას, მეგობარს… სულერთია, ვის.

© Levan Avlabreliრეგინა კოლედა–იაკობიძის ერთ-ერთი ჯილდო
რეგინა კოლედა–იაკობიძის ერთ-ერთი ჯილდო - Sputnik საქართველო
რეგინა კოლედა–იაკობიძის ერთ-ერთი ჯილდო

თუ ლატვიელი იტყვის, ფულს მოვაგროვებ და მანქანას ვიყიდიო, ქართველი იტყვის, ფულს ვიშოვი და მანქანას ვიყიდიო.

და „გათხოვილი ქალი?“ ანუ რა, თქვენი თავი ვინმეს დროებით ათხოვეს? ანუ ჩემი ქალიშვილი ვიღაც რაზმაძეს ვათხოვე? ამ  გამოთქმაზე თავის დროზე ბევრი ვიხალისე.

სადაგი დღეები

90–იანი წლების დასაწყისში დისერტაციის დაცვა მოვიწადინე მცირე ქვეყნების განვითარებაზე ტრანსნაციონალური კომპანიების გავლენაზე. ნაშრომის რუსულ ენაზე ჩაბარებაზე უარი მითხრეს, გადაათარგმნინეო. არადა, 400 გვერდი როგორი სათარგმნია?! როგორც იტყვიან, თაროზე  შემოვდე და დღემდე ასე მიდევს. მერე კი მიწვევდნენ, მაგრამ ენთუზიაზმი აღარ მქონდა…
დისერტაციაზე უარი მითხრეს, მაგრამ ლექტორად მაინც ამიყვანეს „გეპეიში“. თავიდან არ მინდოდა ეს სამუშაო, იმიტომ რომ მხოლოდ რუსულად შემეძლო ლექციების წაკითხვა… მაგრამ სტუდენტებმაც და კოლექტივმაც ისე თბილად მიმიღეს, რომ…

დანიელ შაჩინგერი - Sputnik საქართველო
...ხოლო ხალხი ისე წრფელია, რომ გულში ღრმად გივარდება

საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ვკითხულობდი ლექციებს, სადაც მომავალ დიპლომატებს ამზადებდნენ. ჩემი სტუდენტები იყვნენ: თინა ხიდაშელი, თეა წულუკიანი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და უჩა ნანუაშვილი  — თანაც ყველა ფრიადოსანი.

„გეპეის“ მერე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი, სადაც მედალიც კი მომცეს, როგორც უნივერსიტეტის საპატიო პედაგოგს. ძალიან ამაყი ვარ ამით.

Ave Sol!

ერთხელ, ბევრი წლის წინ მოსკოვში გავფრინდი. გვერდით ლატვიელი ქალბატონი მეჯდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, მერე კი დავახლოვდით და საბოლოოდ დავმეგობრდით კიდეც.  სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ საქართველოში მცხოვრები ლატვიელებისთვის მომეყარა თავი და რაიმე საზოგადოება დამეარსებინა.

მაშა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
მაშა ნესტეროვა: 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველომ სრულად დამიპყრო

შევუდექი მათ ძებნას. ვინ აღარ ჩავრთე ამ პროცესში — ნაცნობები, მეგობრები და სტუდენტებიც კი. საბოლოოდ 50 ლატვიელი შევკრიბე და ასე დაიბადა ლატვიელთა საზოგადოება „Ave Sol!“
ერთხელ ჭიათურელები გვესტუმრნენ. მათგან შევიტყეთ, რომ საბჭოთა  ხელისუფლებისას ჭიათურა და ლატვიური სიგულდა დაძმობილებული ქალაქები ყოფილა. მთხოვეს, ურთიერთობის აღდგენაში დაგვეხმარეთო და მე ც, რაღა თქმა უნდა, დავეხმარე. 

დაახლოებით ნახევარი წელი დამჭირდა ამ საქმისთვის. სიგულდას დაარსებიდან 800 წელი რომ აღინიშნა, მეც მიმიწვიეს და ჭიათურის ბავშვთა ცეკვის ანსამბლიც. ლატვიელებს ისე მოეწონათ ბავშვები, რომ საწყლებს თითო ნომერი სამ–სამჯერ შეასრულებინეს.

რა თქმა უნდა, ლატვიასთან მჭიდრო კონტაქტი მაქვს — ეს ხომ ჩემი სამშობლოა. საქართველო კი ჩემი სახლია, ლამის მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული და ისეთი მიყვარს, როგორიც არის.

ყველა ახალი ამბავი
0