ალაზნის ველის ხიბლი და სამოთხე დედამიწაზე, ანუ „საქართველოს ვეღარსად გავექცევი“

© FB/ Валентина Беляеваშაჰნოზა მუმინოვა
შაჰნოზა მუმინოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ დღეს უზბეკ შაჰნოზ მუმინოვას გაგაცნობთ. ტაშკენტელი ქალბატონი უკვე 15 წელია ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მუშაობს და ლამის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, მაგრამ თავისი „შინ“ საქართველოში იპოვა.

როგორ მოვხვდი საქართველოში

უზბეკი ვარ, ტაშკენტელი. უკვე 15 წელია ჰუმანიტარულ მისიებში  ვმუშაობ და საქართველოშიც საქმიანობიდან გამომდინარე ჩამოვედი — ისეთმა ორგანიზაციამ წარმომგზავნა, რომელიც სხვადასხვა კრიზისულ ვითარებაში უწევს დახმარებას ადამიანებს.

უმრავლესობას ეს მყის „წითელი ჯვრის“ ან „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ ასოციაციას უჩენს, მაგრამ რეალურად ასეთი ორგანიზაციები ძალიან ბევრია, რომლებში დასაქმებაც ჩვეულებრივად შეიძლება: თუ ვაკანსია არის, რეზიუმეს ავსებ და აგზავნი. თუ აკმაყოფილებ, აგიყვანენ. სწორედ ასე მოვხვდი ბევრ ქვეყანაში, რომელთა შორის საქართველოცაა.

კონტრაქტს ხელი 2008 წელს მოვაწერე, ოღონდ ომამდე. ჩვენი ორგანიზაცია მთელ სამხრეთ კავკასიას კურირებდა, ბაზა კი საქართველოში გვქონდა. მერე ომი დაიწყო და ჩვენც გაძლიერებულად ავმუშავდით: ლტოლვილებსა და დაზარალებულებს ვეხმარებოდით.

© FB/ Shahnoza.Muminovaშაჰნოზ მუმინოვა
შაჰნოზ მუმინოვა - Sputnik საქართველო
შაჰნოზ მუმინოვა

საქართველო კოკისპირული წვიმით შემეგება

რაღაც არატრივიალურის ნახვას ველოდი, იმიტომ რომ უზბეკეთში ჯერ კიდევ საბჭოეთის დროიდან ჩამოყალიბდა თქვენს ქვეყანაზე ისეთი აზრი, რომ ეს განსაკუთრებული მხარეა — ტურისტების მექა და სამოთხე დედამიწაზე.

საქართველომ ყველა ჩემი წარმოდგენა დაადასტურა და იმედებიც გამიმართლა. აქ ყველაფერი იმდენად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, რომ ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია — ეს უნდა ნახო! შესადარებელი კი ბევრი მაქვს, იმიტომ რომ უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

ვიქტორია გეროცკაია - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკაია: უკრაინელი ჟურნალისტიდან თბილისელ კონდიტერამდე

კარგად მახსოვს პირველი დღეს საქართველოში. ტაშკენტში აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი — ეს უკვე ძალაში შესული ზაფხულია. თბილისში 2 მაისს ჩამოვფრინდი შვილთან ერთად და კოკისპირულ  წვიმაში ამოვყავი თავი. ქალაქის ქუჩებში მდინარეები მოდიოდა. შუააზიური, მშრალი ქვეყნის მკვიდრისთვის, ეს ნამდვილი საოცრება იყო.

თქვენში ძალიან ბევრი ეგზოტიკური და თვალისმომჭრელი ვნახე. მე და ჩემმა გოგონამ თითქმის ყველა ტურისტული მარშრუტი მოვიარეთ და იმდენი საინტერესო და ახალი აღმოვაჩინე, რომ ყველა ვერც კი დავიმახსოვრე.

სიღნაღში რომ ჩავედი და ალაზნის ველი ვიხილე, აბსოლუტური სიმშვიდე დამეუფლა და ვიგრძენი, როგორ ვერწყმოდი ბუნებას. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ მეცხოვრა–მეთქი.

© FB/ Shahnoza.Muminovaშაჰნოზ მუმინოვა სიღნაღში
შაჰნოზ მუმინოვა სიღნაღში - Sputnik საქართველო
შაჰნოზ მუმინოვა სიღნაღში

უფრო მეტი, ვიდრე მორიგი სამუშაო ადგილი

როდესაც საქართველო უფრო ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ მართლა აღარ მინდოდა აქედან წასვლა. თქვენი ქვეყანა ჩემთვის იმაზე განუზომლად მეტი გამოდგა, ვიდრე ადგილი, სადაც სამუშაოდ ჩავედი.

საქართველოში მისიის დასრულების შემდეგ ავღანეთში მომიწია გამგზავრებამ. ბუნებრივია, იქ შვილს ვერ წავიყვანდი და ამიტომ საქართველოში დავტოვე.

სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი თბილისში. ორი მიზეზი მქონდა: ერთი, რომ ჩემი შვილი აქ იყო და მეორე — გული მომიწევდა აქეთ… როცა ავღანეთში ჰუმანიტარული საქმიანობა დავამთავრე, სამშობლოში დავბრუნდით.

დანიელ შაჩინგერი - Sputnik საქართველო
...ხოლო ხალხი ისე წრფელია, რომ გულში ღრმად გივარდება

ჩემმა ქალიშვილმა პრაღის უნივერსიტეტში ჩააბარა, გავაცილე და… თბილისში დაბრუნების მწვავე სურვილმა წამლეკა. მივხვდი, რომ საქართველოს ვეღარ გავექცეოდი. ჰოდა, ჩამოვედი.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ უცბად გავაცნობიერე: უცხოელი ვარ, უმუშევარი, ნათესავ–ახლობლები აქ არ მყავს და საერთოდ, ბინაც კი არ მაქვს. ავდექი და სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, მომეწონა ბავშვებთან მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად სწავლება სულაც არ გამოდგა იოლი საქმე.

© FB/ Shahnoza.Muminovaშაჰნოზ მუმინოვა
შაჰნოზ მუმინოვა - Sputnik საქართველო
შაჰნოზ მუმინოვა

ურთიერთობა, დახმარება და ქველმოქმედება

რაღაც მომენტში ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობების ძლიერი სურვილი დამეუფლა. მინდოდა, ვიღაცასთან მეჭორავა, რჩევა მიმეღო… კი, „ფეისბუქში“ არსებობდა რუსულენოვანი ჯგუფი, მაგრამ იქ ჯგუფის თემას ვერ გაცდებოდი. ამიტომ საკუთარი ჯგუფი გავხსენი, რომელსაც „Девичья Барахолка“ დავარქვი.

თავიდან სულ რამდენიმე კაცი ვიყავით, ახლა კი, რამდენიმე წლის შემდეგ, ჯგუფში თითქმის 7 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. ეს საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი ქალბატონებიც არიან და ისინიც, ვისაც აქ ოდესმე უცხოვრია ან უმოგზაურია…

საიდა ტაუქელევა - Sputnik საქართველო
საქართველო სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენ ცხოვრებაში

ეს ჯგუფი საქველმოქმედო აქციებსაც აწყობს. ერთი წლისაც არ იყო, როცა პირველი ასეთი აქცია დავგეგმეთ და ხორციც შევასხით: გაჭირვებულებისთვის ათასგვარი ნივთი შევაგროვეთ, ჩვილ ბავშვთა სახლს ფულადი შემოწირულობა გადავეცით, ხოლო უსახლკარო მოზარდების ცენტრს — ტანსაცმელი…

ყველაზე გრანდიოზული მაინც ის აქცია გამოდგა, რომელიც გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებულ გოგონას აღმოვუჩინეთ. ოჯახს ფული სამკურნალოდ, საოპერაციოდ და შემდგომი რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა.

ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა რამდენჯერმე დადო პოსტი ამ გოგონაზე, რომელიც ჩემს მეგობარს უნახავს და მთხოვა, თავში „აპინეო“. მალე პოსტი ძალიან პოპულარული გახდა და ბაზრობის მოწყობის იდეაც დაგვებადა. გადავწყვიტეთ, ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ბავშვისთვის გადაგვერიცხა.

მაშა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
მაშა ნესტეროვა: 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველომ სრულად დამიპყრო

რა აღარ გამოჰქონდათ გასაყიდად: საოჯახო წვრილმანები, ტანსაცმელი, საკუთარი ხელით დამზადებული კერძები… ზოგი პირდაპირ თანხას რიცხავდა.

მერე სხვადასხვა ადგილებზეც გავავრცელე ინფორმაცია და საზღვარგარეთიდანაც დაიწყეს დახმარებების გამოგზავნა. მოკლედ, ერთ კვირაში 5 ათასი დოლარი შევაგროვეთ…

© FB/ Shahnoza.Muminovaშაჰნოზ მუმინოვა
შაჰნოზ მუმინოვა - Sputnik საქართველო
შაჰნოზ მუმინოვა

საქართველო ჩემი სახლია

ახლა კიევში ვმუშაობ და თბილისში პერიოდულად ჩამოვდივარ. იმდენად შევეზარდე ამ ქალაქს, რომ მის გარეშე ვეღარ ვძლებ და დროდადრო აუცილებლად უნდა ჩამოვიდე.

თბილისი — მთლიანად საქართველო ძალითა და შთაგონებით მავსებს. აქ რაღაც განსაკუთრებულს ვპოულობ და ზუსტად ვიცი: მიუხედავად იმისა, რომ შუააზიელი ვარ და არაფერი მაქვს საერთო კავკასიასთან, საქართველო ჩემი სახლია!!!

ყველა ახალი ამბავი
0