...ხოლო ხალხი ისე წრფელია, რომ გულში ღრმად გივარდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliდანიელ შაჩინგერი
დანიელ შაჩინგერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ქართველები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია, ნამდვილად მართალი გამოდგა. ერთ სოფელში ისეთმა ოჯახმა გამათევინა საკუთარ ჭერქვეშ ღამე, თავად რომ არ ჰქონდათ დასაწოლი ადგილი. ვახშმითაც კი გამიმასპინძლდნენ.

პორტალი Sputnik–ი პროექტ „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს“ ახალ გმირს, ავსტრიელ დანიელ შაჩინგერს გაგაცნობთ.

დანიელი ჩვეულებრივი ავსტრიელი ახალგაზრდაა, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია, ველოსიპედით მოგზაურობს, რათა საქველმოქმედო ორგანიზაციას ნაღმების აფეთქებისას დაშავებული ადამიანებისთვის ფულის შეგროვებაში დაეხმაროს. მან უკვე მოიარა რამდენი ქვეყანა და ახლა საქართველოშია.

უჩვეულო მოგზაურობა

ათი წელი ვმუშაობდი მოთხილამურეთა ინსტრუქტორად ამერიკაში, ახალ ზელანდიასა და ჩემს მშობლიურ ავსტრიაში. ველოსიპედით მოგზაურობის იდეა ბევრი წლის წინ დამებადა, მაგრამ წელს, მარტში დავიწყე. ეს ტრანსპორტი იმიტომ ავირჩიე, რომ ნელა ვიმოგზაურო და ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულო. 

ერიკ თეოფან ჰალვორსონი - Sputnik საქართველო
საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი რომანტიკოსი

ისეთი ქვეყნები შევარჩიე, რომელთა ნახვაც ყოველთვის მინდოდა. ავსტრიიდან დავიძარი და უნგრეთის, სერბეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით ჩამოვედი საქართველოში.
აქედან სომხეთში წავალ, მერე ირანში, თურქმენეთში და ასე შემდეგ.

18 000 კმ = 18 000 ევრო

ქვეყნებს, რომლებიც სამოგზაუროდ შევარჩიე, ერთი საერთო პრობლემა აქვთ: ნაღმები. კონფლიქტების დროს მიწაში დაფლულმა ნაღმებმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და ეს ძალიან სერიოზულად მაღელვებს. ამიტომაც მოვინდომე, საკუთარი წვლილი შემეტანა დაშავებულთა დახმარების საქმეში.

მოგზაურობაც ამ მიზნით წამოვიწყე. მინდა მცირე თანხა მაინც შევაგროვო ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც ნაღმებზე აფეთქებით დაშავებულებს ეხმარება. იმედი მაქვს, რომ თითო გავლილ კილომეტრზე თითო ევროს მოვიძიებ და საბოლოოდ, 18 000 კილომეტრი 18 ათასი ევროს ტოლი გახდება. 

© Levan Avlabreliდანიელ შაჩინგერი
დანიელ შაჩინგერი - Sputnik საქართველო
დანიელ შაჩინგერი

ქართული ალპები

საქართველოში საოცარი, სრულიად განსაკუთრებული ბუნებაა. აქ მთებიცაა, დაბლობებიც და ზღვაც. ეს ძალიან, ძალიან საინტერესო შერწყმა–შეხამებაა.

ასე მგონია, რომ ქართული მთები უფრო ჰგავს ალპებს, ვიდრე თავად ალპები ჩვენს მიერ წარმოდგენილ მთებს. ევროპაში ფერდობები უფრო ციცაბოა და უხეში, თქვენში კი ბევრად „რბილი“ დაქანება აქვს. 

ზოე პერეტი - Sputnik საქართველო
„იმედია, აქ ყველაფერი გამომივა...“

როგორც პროფესიონალი, გეტყვით, რომ საქართველოს მთებში ბევრად იოლია თხილამურებით სრიალის სწავლა, ვიდრე ევროპაში. აუცილებლად ჩამოვალ ზამთარში ბაკურიანისა და გუდაურის მოსანახულებლად.

ქართული სოფელი

პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს ქართული სოფლების სიღარიბეა. გზად მიმავალს ძალიან ბევრი ძველი, შელახული სახლი მხვდებოდა, რომლებიც, ასე მგონია, ძლიერმა ქარმა რომ დაუქროლოს, აუცილებლად დაიშლება.
ჩანს, რომ აქ ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის. ვხვდები, რომ მათთვის ზამთრის გადატანა იოლი საქმე არ არის…

და მაინც, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ქართველები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია, ნამდვილად მართალი გამოდგა. ერთ სოფელში ისეთმა ოჯახმა გამათევინა საკუთარ ჭერქვეშ ღამე, თავად რომ არ ჰქონდათ დასაწოლი ადგილი. ვახშმითაც კი გამიმასპინძლდნენ. 

საინტერესო თბილისი

თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია, ბევრი ისტორიული შენობა–ნაგებობითა და თანამედროვე ხუროთმოძღვრული ნიმუშებით. სხვათა შორის, ქალაქის არქიტექტურაში მუსლიმური ელემენტებიც შევამჩნიე და გერმანულიც, რამაც მეტად გამაკვირვა.

ქართულმა სამზარეულომ მომხიბლა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამის გასინჯვა მოვასწარი. ხილ–ბოსტნეულმა ხომ საერთოდ განმაცვიფრა. ესოდენ წვნიანი არომატული არაფერი მინახავს, ევროპაში ასეთი არ არსებობს.
სიძნელეებსაც გადავაწყდი: ინტერნეტი ქალაქგარეთ არ იჭერს, ხოლო გზებზე ავტომოძრაობა საშინლად სწრაფია და აგრესიული. თუმცა, დროთა განმავლობაში ამასაც მივეჩვიე. სხვა პრობლემა ნამდვილად არ მქონია. 

ტობიას დიურებორგი - Sputnik საქართველო
სკანდინავიელი კაცის ქვეცნობიერში სამუდამოდ ჩაბუდებული და სულში ჩასახლებული საქართველო

ინგლისური აქ ლამის ყველამ იცის. ვინც არ იცის, არ დაგზარდება და ჟესტებით ენით გიპასუხებს შეკითხვაზე. თქვენი ხალხი ძალიან თბილი და გულისხმიერია და ნებისმიერ დროს მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.

საქართველოს ვერცერთ სხვა ქვეყანას ვერ შევადარებ. დიახაც, მინდა ისევ დავბრუნდე აქ და უფრო ახლოს გაგიცნოთ. მეჩვენება, რომ ეს სრულიად განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც თვითმყოფადი და აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა აქვს, ხოლო ხალხი ისე წრფელია, რომ გულში ღრმად გივარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0