საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი რომანტიკოსი

© photo: Sputnik / Denis Aslanovერიკ თეოფან ჰალვორსონი
ერიკ თეოფან ჰალვორსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ წარმოგიდგენთ ამერიკელ კომპოზიტორსა და მთარგმნელს ერიკ თეოფან ჰალვორსონს, რომელიც საქართველოში 2010 წელს ჩამოვიდა და მიხვდა, რომ მისი რომანტიკული სულის ნავსაყუდელი იპოვა ამ ქვეყანაში. ჩვენი დღევანდელი გმირი თავად მოგითხრობთ საქართველოსადმი მისი სიყვარულისა და განცდების შესახებ.

მე ამერიკელი ვარ, ორეგონის შტატიდან. 37 წლის ვარ, პროფესიით – კომპოზიტორი და მთარგმნელი. 

ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ცხოვრება. უცხო ენებისადმი სიყვარული ყოველთვის მძლავრობდა ჩემზე და როცა კონსერვატორიას ვამთავრებდი, ამ ოცნების გამოძახილები უფრო ძლიერად ვიგრძენი გულში. ვფიქრობდი, სად უნდა წავსულიყავი, რომ სწავლა გამეგრძელებინა. ბევრი ქვეყანა ჩამოვთვალე – საფრანგეთი (რადგან ფრანგული ენა, გარკვეულწილად, ვიცოდი), იტალია, რუსეთი, ინგლისი და ა.შ. არჩევანი მაშინ გავაკეთე, როცა ქართული ხალხური სიმღერები პირველად მოვისმინე, ძალიან მომეწონა ქართული მრავალხმიანობის თავისებურებები. ამიტომ, გავიფიქრე, იქნებ საქართველოში წავიდე–მეთქი და საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესწავლა დავიწყე. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით უფრო მაინტერესებდა მსოფლიოს ეს პატარა კუთხე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ქართული ენის შესწავლა. ერთ საღამოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უცხო ენების სახელმძღვანელოებში ვიჩხრიკებოდი და ორიოდე ქართული ენის სახელმძღვანელოს წავაწყდი. ასეთი მოხდენილი და უცნაური ანბანი თვალში რომ მომხვდა, ძალიან მომინდა ამ ენის შესწავლა. ეს იყო დაახლოებით 2003 წელს…

© photo: Sputnik / Denis Aslanoviერიკ თეოფან ჰალვორსონი - საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი
ერიკ თეოფან ჰალვორსონი - საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი - Sputnik საქართველო
ერიკ თეოფან ჰალვორსონი - საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი

2010 წელს კი პირველად ჩამოვედი საქართველოში, რათა ინგლისური ენა და მუსიკა მესწავლებინა ნიქოზში მცხოვრები ბავშვებისთვის. 

საქართველოში დიდი მეოცნების განწყობითა და მოლოდინებით ჩამოვედი, რაც სრულიად ბუნებრივია ნებისმიერი მოგზაურისთვის. უცხო კულტურის განცდა გიხარია, ბევრი რამ გსმენია, წაგიკითხავს იმ ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ და, აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური განწყობით ჩადიხარ. ასე იყო ჩემთვისაც. 

ძალიან მაინტერესებდა ქართული ფოლკლორი, მისი ლიტერატურა, მისი ბუნება. ქართველ ხალხს განუზომელი სტუმართმოყვარეობა სცოდნია. ნიქოზელების სტუმართმოყვარეობამ მომხიბლა – ყველამ მიმიღო დიდი სიყვარულითა და ოჯახური სითბოთი. მათ განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს ჩემ გულში და არასოდეს დამავიწყდებიან. 

შემიძლია ვთქვა, რომ თუშეთმა საქართველოში განსაკუთრებით მომაჯადოვა მისი ბუნების ენით აუწერელი სილამაზით. ეს არის რეგიონი, სადაც საქართველოს მომხიბლველი იდუმალება ცოცხლობს. მახსოვს, სოფელ ჩიღოში მივდიოდით და შუადღისას ცოტა შევისვენეთ გზაში. თებულოს დიდებული მთა შორიდან მოჩანდა, ჩვენ ირგვლივ სუფთა ბუნება და საოცრად მზიანი ამინდი სუფევდა და უეცრად ძლიერი სიხარულის მელანქოლიანარევი განცდა დამეუფლა. ეს სწორად ის მომენტია, როცა სულით და გულით ლაღობს ადამიანი, როცა სამყაროს პირველყოფილ, ველურ ენერგიას ეხება ლამის… თუშეთის ჰაერი გაჟღენთილია ამ მფეთქავი, შემოქმედებითი ენერგიით. იმედი მაქვს, რომ კიდევ დავუბრუნდები იმ მხარეს… 

ამჟამად ვრჩები საქართველოში, რამდენიმე მთარგმნელობითი პროექტი მაქვს და ამასთანავე კომპოზიტორობის მხრივაც ვაგრძელებ მოღვაწეობას… ვიცნობ ქართულ ლიტერატურას ძველი ძეგლებიდან თანამედროვე ნაწარმოებებამდე, თუმცა ყოველთვის ვცდილობ უფრო გავაღრმავო ჩემი ცოდნა.

© photo: Sputnik / Denis Aslanovერიკ თეოფან ჰალვორსონი - რომანტიკოსი კომპოზიტორი
ერიკ თეოფან ჰალვორსონი - რომანტიკოსი კომპოზიტორი - Sputnik საქართველო
ერიკ თეოფან ჰალვორსონი - რომანტიკოსი კომპოზიტორი

ძნელია ქართული ლიტერატურიდან ერთი გარკვეული მწერალი დავასახელო. ძალიან მიყვარს ვაჟა–ფშაველა, გრიგოლ რობაქიძე, ნოდარ დუმბაძე, გოდერძი ჩოხელი… საოცარი უნარი აქვთ სამყაროს შინაარსის, ჩვენი ადამიანური ყოფიერების რეალური სიმარტივით წვდომის… ქართული ლიტერატურა არის ერთი უწყვეტი ჯაჭვი და თითოეულ ავტორს აქვს საკუთარი მნიშვნელოვანი სათქმელი, მთავარია მოვუსმინოთ ყველას და გავიაზროთ. ამ მხრივ თანამედროვე მწერლებიც, პოეტებიც არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხმის მქონე არიან, რაც საქართველოს ლიტერატურული "ნახატის" უფრო სრულყოფილად აღქმის საშუალებას გვაძლევს. ასევე აღვნიშნავ ესმა ონიანს, ოთარ ჩხეიძეს, ერლომ ახვლედიანს, რომლებიც ძალიან მომწონს. ლიტერატურა მართლაც ხარობს საქართველოში და მიხარია, რომ სულ ჩნდებიან ახალი პოეტები და მწერლები. ახლა ძირითადად მთარგმნელობითი საქმიანობით ვარ დაკავებული, მაგრამ უფრო მუდმივ სამსახურს ვეძებ. ჯერჯერობით ვერაზე ვცხოვრობ… 

საქართველოში ყოფნამ ძალიან შეცვალა ჩემი ცნობიერება — უფრო კარგად ვისწავლე სამშობლოს, წინაპრების დაფასება. ადამიანები დიდ მთას ახლოდან მთლიანად ვერ აღიქვამენ, მხოლოდ მაშინ ხდება ეს, როცა მთას საკმაო მანძილზე მოშორდები… ასეა ჩემ ცხოვრებაშიც — რაღაც სიშორე, რაღაცის მოკლება ხანდახან საჭიროა, რომ შემდეგ უფრო სათანადოდ დავაფასოთ, უფრო მეტად გვიყვარდეს, მისი შინაარსობრივი განცდა უფრო მძაფრი იყოს. 

როგორია ჩემი თბილისური ცხოვრება? სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მიჭირს აქ ყოფნა. მოვესწარი დიდი არეულობის, სწრაფი ცვალებადობის პერიოდს, მაგრამ ამის თქმა ხომ მთელი მსოფლიოს ქვეყნებზე შეიძლება…  თითოეულ ქვეყანას, სახელმწიფოს თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები აქვს, არც ამერიკაა გამონაკლისი ამ მხრივ.

ძალიან მიყვარს კითხვა, ენების სწავლა, ხატვა, ფოტოგრაფია, ლექსების წერა. თუ ამას არ ვაკეთებ, მაშინ მეგობრებს ვხვდები, ან კონცერტებსს ვესწრები, ან კიდევ რომელიმე ღონისძიების და გამოფენის გახსნას. ხანდახან ქალაქგარეთაც გავდივარ… ძალიან მინდა კიდევ ვიმოგზაურო, ევროპა და სხვა ქვეყნებიც მოვინახულო…

კონკრეტული პასუხი კითხვაზე, ვაპირებ თუ არა ამერიკაში დაბრუნებას — არ მაქვს. იქნებ საქართველო ის ადგილია, სადაც მუდმივად ვიცხოვრებდი… ჯერ არ ვიცი, როგორც ადრე აღვნიშნე, საქმიანობის გამო აქ მიწევს ყოფნა, მაგრამ ჩემთვის იდეალური იქნებოდა ხან საქართველოში ვიცხოვრო და ხან ამერიკაში… ან საშუალება მქონდეს, რეგულარულად ჩავიდე სამშობლოში.

საქართველო მართლაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და არ მინდა რომ მივატოვო ის და ყველა ძვირფასი ადამიანი, რომელიც აქ გავიცანი. ძალიან მადლობელი ვარ მათი, გაწეული დახმარების ან სხვა სიკეთისთვის, თბილისში, ნიქოზში და სხვაგანაც. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა მსოფლიოს მეორე მხარეს ვცხოვრობ, მაგრამ ამ სიშორეს გარკვეულწილად უკვე შევეგუე… თუმცა ვენატრებით და მეც მენატრებიან…

საერთოდ ვოცნებობ, რომ ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობით დიდ წარმატებას მივაღწიო — მუსიკა იქნება, თარგმანები თუ სხვა რამ. 

სხვა მხრივ დიდი სურვილი მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ლიტერატურის საერთაშორისო პოპულარიზაციის საქმეში. ბევრი იდეა მაქვს ამის თაობაზე და ვნახოთ რა გამოვა.

ვოცნებობ საქართველოს გაუმჯობესებაზე… საერთოდ რომანტიკოსი ვარ და სულ ფიქრებში  ვარ ჩაფლული…

როცა საშუალება მაქვს, უმეტესად ჩემს კომპოზიციებს ვასრულებ ფორტეპიანოზე, მინდა რომ დავიხვეწო, თუმცა ამჟამად არ მაქვს პიანინო და ამის საშუალება…

ქართული მელოდიების მხრივ განსაკუთრებით მიყვარს მეგრული, ლაზური და მოხევური, თუშური სიმღერები.

…იქნებ მომავალში წიგნი დავწერო საქართველოში ჩემი ცხოვრების შესახებ… ვნახოთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0