მაშა ნესტეროვა: 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველომ სრულად დამიპყრო

© Личный архивმაშა ნესტეროვა
მაშა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშა ნესტეროვა Travel–ჟურნალისტია. ის ძალიან ბევრს მოგზაურობს და მერე საკუთარ შთაბეჭდილებებს აქვეყნებს. მან მსოფლიოს 30 ქვეყანა მოიარა, მაგრამ მისი გული სწორედ საქართველომ და თბილისმა დაიპყრო.

შეხვედრა საქართველოსთან

საქართველოში პირველად 2014 წლის მაისში ჩამოვედი. მანამდე გავლით ვიყავი ნამყოფი — 2013 წელს, როდესაც აზერბაიჯანიდან სომხეთში მივემგზავრებოდი. თუმცა საქართველოს გზებზე გატარებული ეს რამდენიმე საათიც საკმარისი გამოდგა მივმხვდარიყავი, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა მინდოდა.

ოცნებები კი, თუ ის რეალური ოცნებაა, აუცილებლად ახდება. ბედნიერი შემთხვევის წყალობით არაჩვეულებრივი თბილისელი ქალბატონი მაია ბიბილაური გავიცანი, რომელიც დამეხმარა კიდეც, რომ ტუროპერატორების ფან–ტრიპში მოვხვედრილიყავი.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისი რუსეთის მოქალაქეების მიერ არჩეული ქალაქების ტოპ-ათეულში მოხვდა

და, აი, თბილისში ვარ. ქალაქი პირველად გვიანი ღამით ვიხილე — საზეიმოდ მორთული და განათებული. საოცრად მომინდა მის ქუჩებში გამესეირნა, მაგრამ ტური ისე იყო დაგეგმილი, რომ დედაქალაქში ცოტა ხანი დავყავით. თუმცა ძველ თბილისში ფეხით გავლა მაინც მოვახერხეთ.

იცით, რამ მოახდინა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება? თავად ხალხმა — გულღია, სტუმართმოყვარე, გულითადმა ადამიანებმა. რუსული მენტალიტეტის ხალხს უჭირს ასეთი დამოკიდებულების უცბად მიღება, რუსეთში ურთიერთობები სულ სხვაგვარად ეწყობა. აქ კი შეიძლება სრულიად უცნობმა ადამიანმა შინ დაგპატიჟოს, სუფრა გაგიშალოს და ღვიძლი ნათესავივით მოგეპყროს, რაც ჩვენთვის უჩვეულოა და რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ ამას შევეჩვიოთ.

© პირადი არქივიმაშა ნესტეროვა და მაია ბიბილაური
მაშა ნესტეროვა და მაია ბიბილაური - Sputnik საქართველო
მაშა ნესტეროვა და მაია ბიბილაური

ერთ დღეს რუსთაველზე ვსეირნობდი და თან შენობებს ფოტოებს ვუღებდი — აი, იმ ადგილზე, სადაც პანტომიმის თეატრია. უკვე საღამოვდებოდა და შინ წასვლას ვაპირებდი, რომ უცბად თმაგაბურძგნილი, თუმცა ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გამომიხტა და თეატრში დამპატიჟა. ცოტა არ იყოს, შევცბი და უარი ვუთხარი. ადგა და თავი წარმომიდგინა: მე უმცროსი ამირანი ვარ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაჟი. შემობრძანდითო… და მის ნებას დავყევი.

ქართული სამზარეულო

უნდა გითხრათ, რომ ქართული სამზარეულო — ეს ჩემი სამზარეულოა. ძალიან მიყვარს ხინკალი და ხაჭაპური, აჯაფსანდალზე ვგიჟდები, ცოცხალი ბოსტნეულის სალათი სულგუნით — შემწვარითა თუ ნედლით, საერთოდ არაჩვეულებრივი ვახშამია ჩემთვის.

ქართული სუპებიც მიყვარს — ხარჩო და ჩიხირთმა. ოღონდ ერთი დილემის წინაშე ვდგები მუდამ: ხარჩოს რომ შეჭამ, მერე ხინკლისთვის ადგილი აღარ რჩება…

რუსო ტურისტო  СТС - Sputnik საქართველო
ტელეწამყვანი მორგუნოვი: ბათუმი მთლიანად ღირსშესანიშნაობაა

ქართული კერძები საოცრად გემრიელია და ხარისხიანი პროდუქტებისგან რომ მზადდება, ეს ყველაფერში იგრძნობა. ყოველ ჩამოსვლაზე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ უახლოესი ერთი კვირა დიეტა უნდა დავივიწყო. სისულელეა, ჩახვიდე ქვეყანაში, სადაც ესოდენ არაჩვეულებრივი სამზარეულოა და უარი თქვა რომელიმე კერძის გასინჯვაზე.

მზიურ ქვეყანაში დაბრუნება

მეორედ საქართველოში 2014 წლის აგვისტოში მოვხვდი. ტელეკომპანია „მირის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად პროგრამა „დიასპორების“ გადასაღებად ჩამოვედი — თბილისელი სომხების შესახებ უნდა გაგვეკეთებინა მასალა.

და ქალაქმა კვლავ ღვიძლი შვილივით მიმიღო. ახალი ხალხი გავიცანი — იმდენად გულწრფელები და ნაღდები, რომ მეტი არ შეიძლება. ჰო, მართლა, თბილისელი სომხები თავს არც სომხებად მიიჩნევენ და არც ქართველებად — ეროვნებით თბილისელები ვართო, ამბობენ.

მახსოვს საქართველოს სამხედრო გზა, სადაც ფანტასტიური ხედები იშლება. სად აღარ ვყოფილვარ, მაგრამ აქაურმა მთებმა სულით ხორცამდე შემძრა — ასეთი სილამაზე არსად მინახავს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

ყაზბეგში მზის ჩასვლა–ამოსვლის განსაცვიფრებელი სურათი ვიხილე ამ დიდებული მთის ფონზე, ულამაზესი დიზაინერული სასტუმროს აივნიდან, რომელმაც ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
აშკარად გამიმართლა: ამბობენ, ყაზბეგის დანახვა არც ისე იოლიაო, რადგან, თურმე, ხშირად ნისლშია გახვეული. მე კი ვნახე — თხელი ღრუბლებით გარემოსილი. ლამაზია? არა, ბევრად მეტია და ამის სიტყვით გადმოცემა  შეუძლებელია. უბრალოდ, უნდა ნახო. ასე მგონია, განუწყვეტლივ შემიძლია ვიჯდე აივანზე სავარძელში და თვალი ვადევნო, როგორ იცვლება ირგვლივ პეიზაჟი…

ლეგენდარული ალაზნის ველიც ვნახე და წითელსახურავებიან სიღნაღშიც ვიყავი. ამ საყვარელმა პატარა ქალაქმა შორიდან ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქები გამახსენა…

კიდევ ერთი უნიკალური ადგილი, სადაც ჩვენი ჯიგიტი მძღოლის წყალობით მოვხვდით, შატილია — ეს უძველესი კოშკები მართლაც საოცრებაა.

ერთ სათნო დიასახლისთან დაგვაბინავეს, რომელმაც კიდეც გვასვა, კიდეც გვაჭამა და 19-ნაოჭიანი ხინკლის მოხვევაში მასტერ–კლასიც ჩაგვიტარა.

© პირადი არქივიმაშა ნესტეროვა
მაშა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
მაშა ნესტეროვა

დათოვლილ საქართველოში

თქვენ ქვეყანაში კიდევ ერთხელ 2015 წლის ზამთარში ჩამოვედი და თოვლით დაფარული გუდაურით, ბაკურიანითა და სამხედრო გზით აღფრთოვანებული დავრჩი.

სხვათა შორის, მომავალ წელს გუდაურში ვაპირებ ჩამოსვლას თხილამურებით სასრიალოდ. იქაურობა ძალიან მომეწონა — ყველაფერი ევროპულ დონეზეა გაკეთებული, თუმცა ფასები ბევრად იაფია. 
ბაკურიანის დღისით დათვალიერება ვერ მოვასწარი, გვიან ჩავედით და მხოლოდ ღამის ბაკურიანი ვნახე. ასე რომ, ჩამოსვლის მიზეზი მაქვს.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება

ჩემი ნამდვილი თბილისი

თბილისში ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს. ავლაბრის ვიწრო ქუჩებსა და ძველებურ სახლებზე ვგიჟდები. საათობით შემიძლია ვიბოდიალო და ვათვალიერო იქაურობა — ეს უჩვეულოდ მყუდრო და ნამდვილი უბანია, მიუხედავად ძველი და მორყეული შენობებისა.

სოლოლაკიც მომწონს. იქ ლამის ყველა სახლი ხელოვნების ნიმუშია. ლესელიძის ქუჩაზე თავიდან ბოლომდე გავლა კი ერთი სიამოვნებაა.

მე თუ მკითხავთ, „იტალიური ეზოები“ — ეს ნამდვილი თბილისია. ფეხს შედგამ თუ არა, ეგრევე ხვდები, რამდენ ადამიანს უცხოვრია იქ, რამდენი ცხოვრებისეული დრამა განვითარებულა — დაბადებულან, დაოჯახებულან, დაშორებულან, გარდაცვლილან და კვლავ დაბადებულან… ყველა ეზოს თავისი ისტორია აქვს.

© პირადი არქივიმაშა ნესტეროვა საქართველოს მთებში
მაშა ნესტეროვა საქართველოს მთებში - Sputnik საქართველო
მაშა ნესტეროვა საქართველოს მთებში

უნდა გითხრათ, რომ როცა ქალაქს ვსწავლობ, ვცდილობ, სულ სხვადასხვა ქუჩებით ვიარო, იმიტომ რომ იქვე, გვერდზე ქუჩაზე შესაძლოა რაიმე განსაკუთრებულსაც კი გადააწყდე.

ბოტანიკურ ბაღშიც ვარ ნამყოფი — შარშან შემოდგომაზე ვესტუმრე იქაურობას. ისეთი სიმშვიდე იყო, ისეთი სიჩუმე, ისეთი სილამაზე… ჩუქურთმებიანმა ხიდებმა და ჩანჩქერმა უსაზღვროდ მომხიბლა.

მშრალ ხიდზე გაშლილი ბაზრობა, ასე მგონია, თბილისის საუკეთესო მუზეუმია. იქ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის მოძიება შეგიძლიათ. ორიოდე თავისუფალი საათი გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე მშრალი ხიდისკენ მივიჩქარი.

თბილისის გზამკვლევი

ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც იციან, როგორ მიყვარს თბილისი, გზამკვლევის შედგენა შემომთავაზეს. ისინი მობილური გიდების სფეროში მუშაობენ. ეს 2015 წლის ზაფხულში მოხდა. მუშაობა დავიწყე და მივხვდი, რომ მასალა და ფოტოები არ მყოფნიდა.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
Sputnik-მა გზამკვლევი „გასეირნება ტფილისში“ ჩაუშვა

ამიტომ იმავე წლის შემოდგომაზე თბილისში ჩამოვედი და აქაური მეგობრების დახმარებით ყველა აუცილებელ ინფორმაციას მოვუყარე თავი. მერე ამ მასალაზე დიდხანს ვმუშაობდი. არ შემეძლო მშრალად, ინფორმაციულად  დამეწერა საყვარელ ადგილებზე — ყველაფერში სულს ვდებდი, ბევრჯერ ჩავასწორე, არაერთხელ გადავაკეთე, თავიდან ამოვბეჭდე და ამიტომ საქმე საკმაოდ ნელა მიდიოდა.

და, აი, 2016 წლის 12 აპრილს ჩემმა მობილურმა გიდმა, რომელიც ჩემი საავტორო ბრენდით Happy Traveling გამოიცა, დღის სინათლე იხილა. ამ მოკლე ხნის განმავლობაში გიდი უკვე ხუთასამდე მომხმარებელმა გადაიწერა და დადებითი გამოხმაურებებიც მოჰყვა, რაც ძალიან სასიამოვნოა და მნიშვნელოვანი.

მიმაჩნია, რომ გზამკვლევი მშრალ ინფორმაციას კი არ უნდა იძლეოდეს ქვეყანაზე, არამედ ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ იქ წასვლის, ნახვის, შეცნობის სურვილი გაუჩინოს ადამიანს. მოკლედ, სული უნდა იყოს ჩადებული.

მობილური გიდის პარალელურად თბილისის გიდის ქაღალდის ვერსიის დაწერაც მთხოვეს. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ, უკვე ვამთავრებ და მალე გამოიცემა კიდეც.
საქართველომ უზომოდ შემაყვარა თავი. კიდევ ბევრი ადგილი დამრჩა სანახავი და აუცილებლად ისევ დავბრუნდები. იმედი მაქვს, რომ მოვახერხე თქვენი მკითხველისთვის ჩემი სიყვარულის გაზიარება.

ყველა ახალი ამბავი
0