პირდაპირ გეტყვით: შვილების გაზრდა მხოლოდ საქართველოში მსურს

© Из архива Инны Блусенковойინა ბლუსენკოვა
ინა ბლუსენკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არა მხოლოდ ეკოლოგიის, ნატურალური პროდუქტებისა თუ მთის სუფთა ჰაერის გამო, უპირველესად ადამიანების, ქართველი ხალხის გამო, ამბობს ბელორუსი ქალბატონი ინა ბლუსენკოვა, რომელსაც Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ გაგაცნობთ.

ქართული love story

მომავალი მეუღლე, ძალიან შემოქმედებითი ადამიანი სერგო სპილბერგი ინტერნეტით გავიცანი და საქართველოში პირველად სწორედ მისი მოწვევით ჩამოვედი ხუთიოდე წლის წინ.

აქაურობა მაშინვე მომეწონა — ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, საინტერესო და გემრიელი. გავიდა ერთი წელი და სამუდამოდ საცხოვრებლად გადმოვბარგდი, რაც დღემდე არც ერთხელ არ მინანია. აქ ახალი სახლი, ოჯახი, მეგობრები, საყვარელი სამუშაო შევიძინე — მოკლედ, ღმერთმა ყველაფერი მომცა და ჩემი სიყვარულის ისტორიაც გრძელდება.

© ინა ბლუსენკოვას არქივიინა ბლუსენკოვა რაჭაში
ინა ბლუსენკოვა რაჭაში - Sputnik საქართველო
ინა ბლუსენკოვა რაჭაში

ქალის როლი

საქართველოში გადმოსვლამდე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, იაგელონსკის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ვსწავლობდი. სადოქტორო დისერტაციის თემა უნდა ამერჩია. ახლა, საქართველოში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ ქართველ ქალებზე მსურს ნამუშევრის დაწერა.

ვიქტორია გეროცკაია - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკაია: უკრაინელი ჟურნალისტიდან თბილისელ კონდიტერამდე

აქაური ქალები, ვინსაც კი შევხვედრილვარ, ყველა მშვენიერია. მაგალითად, მქონდა ბედნიერება მემუშავა ნინო სუხიშვილთან, სხვა ცნობილ ქართველ ქალბატონებთან, ემიგრანტ ქალებთან, რომლებმაც აქ იპოვეს საკუთარი თავი და, რაღა თქმა უნდა, უბრალო მოქალაქეებთან — ცოლებთან და დედებთან, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შვილების მიმართ ძლიერებიც არიან, სუსტებიც, ფაქიზებიცა და სულისშემძვრელად ამაღელვებლებიც.

ბოლო დროს ქვეყანაში აქტიურად შუქდება ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგის ფაქტები და სხვა საჭირბოროტო საკითხები. მინდა მეც რამენაირად მივიღო ქართველი ქალების ცხოვრებაში მონაწილეობა, გავაგებინო მათ, რომ მარტოები არ არიან, მინდა დავეხმარო…

© ინა ბლუსენკოვას არქივიინა ბლუსენკოვა სამუშაო პროცესში
ინა ბლუსენკოვა სამუშაო პროცესში - Sputnik საქართველო
ინა ბლუსენკოვა სამუშაო პროცესში

ჩემი სანუკვარი ოცნება საქველმოქმედო ფონდის დაარსებაა, თუმცა ამ ეტაპზე უპირველეს მიზნად თბილისის მერიაში განცხადების შეტანას ვისახავ ფასიანი ლიფტების წინააღმდეგ. ასეთ რამეს პირველად გადავაწყდი და ძალიან არ მომწონს. იმედი მაქვს, რომ სხვებსაც აღიზიანებს ეს და ბევრი ჩემი მეგობარი, თანამოაზრე თუ უბრალოდ თანაქალაქელი მხარს დაუჭერს ფასიანი ლიფტების წარსულისთვის ჩაბარების ინიციატივას.

მრავალფეროვანი საქართველო

ძალიან მომწონს საქართველოში მოგზაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება სამსახურებრივად მიწევს. ყაზბეგმა და სტეფანწმინდამ, სადაც საოცრად თბილად მიმიღეს, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

რამდენჯერმე ვიყავი იქ და ყველა ჩასვლა განსაკუთრებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ვიზიტები წელიწადის სხვადასხვა დროს ემთხვეოდა.

შაჰნოზა მუმინოვა - Sputnik საქართველო
ალაზნის ველის ხიბლი და სამოთხე დედამიწაზე, ანუ „საქართველოს ვეღარსად გავექცევი“

გერგეთის სამება ხომ საერთოდ უძლიერესი ენერგეტიკული ადგილია, რომელიც ოდესმე მინახავს.

სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები — ეს უჩვეულო ადგილები, რომლებიც ალიბაბასა და 40 ყაჩაღის ზღაპარს მაგონებს, არასდროს დამავიწყდება.

განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში მაინც რაჭას უკავია — შემოდგომის რაჭას — ფერადსა და მრავალფეროვანს, ისეთ კაშკაშას, რომ სიტყვა უძლურია მიღებული განცდის გადმოსაცემად…

ცეკვები, ენა და სამზარეულო — ქვეყნის სული

ჩემთვის ქართული ენა უნიკალურია. არასდროს მივლია სპეციალურ კურსებზე, ისე ვისწავლე ქართული. მგონი, კარგად გამომდის. ქართულის ცოდნა საქართველოს, ადგილობრივი ტრადიციების კიდევ უკეთ გაცნობაში მეხმარება.

ვგიჟდები ქართულ ცეკვებზე. ჩამოვედი თუ არა, გადავწყვიტე, წრეზე მევლო და მესწავლა. ვიარე და დღეს უკვე შემიძლია დავიტრაბახო, რომ კარგად ვცეკვავ სხვადასხვა ქართულ ცეკვას, განსაკუთრებით კი „აჭარულს".

საიდა ტაუქელევა - Sputnik საქართველო
საქართველო სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენ ცხოვრებაში

მიყვარს ქართული კერძები, ხაჭაპური და ფხალი — გამორჩეულად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელია, რაც ვეგეტერიანელი ვარ, იმდენად მიყვარს ბაჟე შოთის პურთან ერთად, რომ უარს ვერ ვამბობ. მით უმეტეს, თუ ჭიქა „საფერავიც“ ახლავს.

თუ მინსკსა და თბილისს შევადარებთ, გეტყვით, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული ქალაქებია. მინსკი საკმაოდ „ახალგაზრდაა“, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა სამამულო ომის დამთავრების შემდეგ. თბილისი კი უძველესი ქალაქია, ჩვენს წელთაღრიცხვამდელი ნაგებობების ნაშთებითა და ათი საუკუნის წინანდელი ეკლესიებით. ეს გამაოგნებელია!..

ქართველები

თქვენი ქვეყნის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა მაინც ხალხია. გურიაშიც ვარ ნამყოფი, სამეგრელოშიც, იმერეთშიც და სხვა კუთხეებშიც. ყველგან ძალიან თბილად, მთელი სულითა და გულით ხვდებიან სტუმარს.

მე მსოფლიოს ადამიანი ვარ და უკვე შვიდ ქვეყანაში მოვასწარი ცხოვრება. პირდაპირ გეტყვით: შვილების გაზრდა მხოლოდ საქართველოში მსურს! არა მხოლოდ ეკოლოგიის, ნატურალური პროდუქტებისა თუ მთის სუფთა ჰაერის გამო, უპირველესად ადამიანების, ქართველი ხალხის გამო!

ქართველებს რაღაც განსაკუთრებული მორალური თვისებები აქვთ, რაც კარგ ადამიანად აღზრდის, ჩამოყალიბების გარანტიაა. თანაც, ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში არც ბავშვის სადმე მარტო გაშვებისა შემეშინდება და არც ძიძასთან დატოვებისა — ზუსტად ვიცი, რომ აქაური ძიძა ჩემ შვილს საკუთარი შვილივით მიხედავს.

© ინა ბლუსენკოვას არქივიინა ბლუსენკოვა
ინა ბლუსენკოვა - Sputnik საქართველო
ინა ბლუსენკოვა

და კიდევ: აქ ყველგან შემეძლება თან ვიახლო შვილი და დარწმუნებული ვიყო, რომ კარგად მიიღებენ და მოეფერებიან, თანაც, მთელი გულით.

ჩემი საქმე დღესასწაულის მოწყობაა

მე რომ საქართველოში ჩამოვედი, ჩემი მეუღლე უკვე საკმაოდ პოპულარული ქორწილების ოპერატორი და რეჟისორი იყო. YouTube–ზე მის ვიდეორგოლებს 300 ათასიდან 500 ათასამდე ნახვები ჰქონდა. ეს კარგი არენა იყო ახალი ბიზნესის წამოსაწყებად.

რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება გვინდოდა, და რადგან ქორწილი ადამიანისთვის ერთ–ერთი ყველაზე ჯადოსნური და დასამახსოვრებელი დღესასწაულია, სწორედ ქორწილების მოწყობაზე შევაჩერეთ არჩევანი. თანაც, ხომ იცით, იმდენი პრობლემა აწვებათ ოჯახებს სამზადისისას, რომ თავად სიძე და პატარძალიც კი ვეღარ იღებენ სიამოვნებას საკუთარი დღესასწაულისგან. ჰო და, ჩვენ მათი ამ ტვირთისგან გათავისუფლება გადავწყვიტეთ და ივენთ–სააგენტო გავხსენით.

კარგად მესმის, რომ ქართველ გოგონებს ჯერ კიდევ უჭირთ ქორწილის ორგანიზების სხვისთვის მინდობა. ამიტომაც ვცდილობთ დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენი ნდობა ნამდვილად ღირს. სჯობს ამით ჩვენ დავკავდეთ, თავად კი ისიამოვნონ.

© ინა ბლუსენკოვას არქივიინა ბლუსენკოვა სამუშაო პროცესში
ინა ბლუსენკოვა სამუშაო პროცესში - Sputnik საქართველო
ინა ბლუსენკოვა სამუშაო პროცესში

უცხოელებისთვისაც ვაწყობთ ქორწილებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ქართულ საქორწინო ტრადიციებს სხვა ქვეყნებშიც გავუწიოთ პოპულარიზაცია. ქართული ქორწილი ხომ ძალიან ლამაზია!

მე და ჩემმა ქმარმა ქორწილი სიღნაღში გადავიხადეთ — სპონტანური, დაუგეგმავი და ძალიან რომანტიკული ქორწილი გამოგვივიდა. არა და, სულ ოთხნი ვიყავით: ჩვენ და მეჯვარეები.

ახლა უფლის წინაშე ვაპირებთ ჩვენი კავშირის დადასტურებას, ჯვარი გვინდა დავიწეროთ — აუცილებლად საქართველოში, აუცილებლად ქართული ტრადიციით და აუცილებლად რომელიმე უძველეს ტაძარში, რომლებითაც სავსეა ეს ქვეყანა.

ყველა ახალი ამბავი
0