დღეს ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში რუსეთ–თურქეთის სირიაში დაპირისპირება აღმოჩნდა. ამავდროულად, ისინი მხოლოდ ახლოაღმოსავლური თემით არ შემოიფარგლებიან. ორი სახელმწიფოს ინტერესები ასევე იკვეთება ყირიმში, კვიპროსსა და კავკასიაში.
სერგეი მარკედონოვი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი, სპეციალურად Sputnik–ისთვის
ამ კვირაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავდა. მის ვიზიტს უნდა დაესრულებინა თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების ერთგვარი პოსტსაბჭოთა ციკლი. ერდოღანისა და ალიევის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთის პრემიერ–მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ კიევში იმყოფებოდა, სადაც მთელი რიგი ხისტი განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო პოლიტიკის თაობაზე ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონში.
ანკარაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა ცვლილებები შეიტანა თურქეთის პირველი პირების გრაფიკში. ერდოღანის ვიზიტი ბაქოში გადაიდო. თუმცა პროტოკოლური ცვლილებები ვერ გადადებს, და მით უმეტეს, ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ანკარასა და მოსკოვს შორის არსებობს. დავუთოღლუს ამასწინანდელი გამონათქვამები კიევში ამ თეზისის შესანიშნავი დასტურია.
ასე მაგალითად, თურქეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა „დაარღვია სამი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა — საქართველოსი, უკრაინისა და სირიისა“, და ასევე „ეხმარება სომხეთს, რომლის გამოც საფრთხის ქვეშაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა“. დავუთოღლუს დასკვნების თანახმად, „მოსკოვის შემტევ პოლიტიკას“ აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს „ერთობლივი ძალისხმევა“.
სიმართლე ითქვას, მისი კიევური ვიზიტი, სადაც მან ყველას შეახსენა, რომ ყირიმი — ეს „ყირიმელი თათრების სამშობლო და უკრაინის განუყოფელი ნაწილია“, ეძღვნებოდა კიდეც იმ სფეროების განსაზღვრას, რომლებშიც რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილო ქვეყნები ერთიანი ძალებით გამოვიდოდნენ. და ეჭვი არ არის, რომ ამ კონტექსტში ანკარა განსაკუთრებულ იმედებს აზერბაიჯანზე ამყარებს.
თურქეთი და კავკასია
თურქეთის ინტერესი კავკასიისადმი რამდენიმე საბაზო ფაქტორებით განისაზღვრება.
პირველი: მას მყარი კავშირები აქვს თურქულენოვან აზერბაიჯანთან, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჯერ კიდევ 1991 წლის 9 დეკემბერს აღიარა, ანუ ბელოვეჟსკში ხელმოწერილი შეთანხმებიდან მეორე დღეს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ორი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.
თურქეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს სომხეთის ქმედებებს მთიან ყარაბაღში. ასე მაგალითად, გასული წლის 4 დეკემბერს აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ „მთიან ყარაბაღში კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და იქ მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია სრულად განთავისუფლდეს აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწები“.
ეს ორი ქვეყანა სხვადასხვა ენერგოპროექტებში არიან ჩართულები, რომლებსაც ამერიკაში „ენერგეტიკულ პლურალიზმად“ აფასებენ და რამაც უნდა შეასუსტოს რუსეთის ნედლეულზე დამოკიდებულება.
მეორე: საერთო ინტერესები აკავშირებთ საქართველოსა და თურქეთსაც. ოფიციალური თბილისი ნატოსკენ ისწრაფვის, და ეს მაშინ, როცა ანკარისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავისი რეგიონული ამბიციები ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მხარდაჭერას მიაბას.
ამ ორ ქვეყანას ასევე აერთიანებს ენერგეტიკული პლურალიზმი.
მესამე: ყველაზე პრობლემური საკითხი თურქეთის საგრეო პოლიტიკისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში — ეს სომხეთია. ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში ეს ორი მხარე არაერთხელ შეეცადა, მოეწესრიგებინათ ურთიერთობები, მაგრამ ხილულ წარმატებებს ვერც ერთხელ მიაღწიეს. მათ კვლავინდებურად არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. კვლავინდებურად გადაუხდელია წარსულის ვალები — 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები დღემდე სასტიკად აპირისპირებს სომხეთსა და თურქეთს. ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს მოსკოვისა და კიევის სტრატეგიული პარტნიორობა.
სომხეთი რუსეთთან ერთად შედის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ხოლო რუსეთის 102–ე სამხედრო ბაზა გიუმრიში სწორედ თურქეთთან საზღვრის სიახლოვესაა დისლოცირებული.
დაბოლოს, მეოთხე: თურქეთისთვის კავკასიური ფაქტორი შიდა პოლიტიკის კიდევ ერთი სიუჟეტია. თურქი ექსპერტის, ოქთაი თანრისივერის თქმით, „თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 10% ეთნიკურ საწყისს კავკასიაში იღებს“. დღეისათვის ჩრდილოეთ კავკასიიდან გამოსულების რაოდენობა თურქეთში დაახლოებით 3–5 მლნ ადამიანია, აზერბაიჯანელებისა — 3 მლნ, ქართველებისა — 2–3 მლნ. მრავალი მათგანი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ თუ ლობისტურ საქმიანობაში. და მიუხედავად, რომ ისინი ხშირად განსხვავდებიან პოლიტიკური შეხედულებებითა და ინტერესებით, თურქეთის ნებისმიერი ხელისუფლება გაუწევს მათ ანგარიშს საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებისას.
თურქეთი, კავკასიის ქვეყნები და რუსეთი
რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები კავკასიის მიმართულებით ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში კიდეც ეცემოდა და კიდეც აღმასვლას განიცდიდა. იყო მკვეთრი დაპირისპირებაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შეიარაღებული ფაზისას და ჩეჩნეთში პირველი რუსული კამპანისას. კომპრომისები და ახალი სტატუს–კვო კი ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით 2000–იანების დასაწყისში, ხოლო ზოგადად კავკასიის მიმართულებით — 2008 წლის შემდეგ შეინიშნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მოსკოვსა და ანკარას განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თურქეთი ამ საკითხებით არ პედალირებდა.
მაგრამ „სირიის ბზარმა“ რუსეთისა და თურქეთის კონფრონტაცია გაააქტიურა და პოტენციური საფრთხის რისკი წარმოშვა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც.
და დღეს მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი კონფიგურაციის(ღერძის) ჩამოყალიბების თაობაზე: ანკარა–ბაქო–თბილისი.
და მართლაც, კავკასიის ორ ქვეყანასა და თურქეთს ბევრი რამ აერთიანებთ. თუმცა ბევრი არ ნიშნავს ყველაფერს.
„ჩვენი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც თურქეთთან, ისე რუსეთთან, და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორივე ქვეყანასთან კავშირებს“, — განაცხადა ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა. გამოცდილი დიპლომატის აკურატული ფორმულირების მიღმა იმალება ბაქოს სურვილი, არ აღმოჩნდეს ჩათრეული რუსეთთან მასშტაბურ კონფრონტაციაში.
თუ თურქეთი „არაბული გაზაფხულის“ პირველივე დღეებიდან ხედავდა თავისთვის გეოპოლიტიკური კაპიტალიზაციისა და ამ რეგიონსა და ზოგადად, საერთაშორისო საქმეებში დამოუკიდებელი როლის გაზრდის შანსს, აზერბაიჯანი პირიქით, უფრთხოდა (და ახლაც უფრთხის) არასტაბილურობის ექსპორტსა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ახლოაღმოსავლური სცენარის გამეორებას.
ყველაფერი ასე მარტივად არ არის საქართველოს შემთხვევაში. ქართველი პოლიტიკოსები უკიდურესად არიდებენ თავს მეზობელ სომხეთთან კონფრონტაციას, რაც მდგრადი რეგიონული „ღერძის“ ჩამოყალიბების შემთხვევაში გამორიცხული არ არის. და არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური, არამედ შიდაპოლიტიკური რეზონების გამოც (სამცხე–ჯავახეთში მრავალრიცხოვანი სომხური თემი არსებობს).
კულუარებში ბევრი გავლენიანი ექსპერტი გამოთქვამს უკმაყოფილებას ქვეყანაში თურქული და აზერბაიჯანული ბიზნესის ცალმხრივი გაძლიერების გამო (რაც თბილისს ზედმეტად დამოკიდებულს ხდის ანკარასა და ბაქოზე), და ამ მიზეზით მზად არიან რუსეთთან ურთიერთობები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაუჭრელი პრობლემების მიუხედავადაც კი, დაარეგულირონ.
რაღა თქმა უნდა, კავკასიური გეოპოლიტიკა ვაკუუმში არ არის მოქცეული და ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ნებისმიერ ცვლას შეუძლია კავკასიაში ნებისმიერ მოთამაშეს შეუქმნას ილუზია, რომ სტატუს–კვოს თავის სასარგებლოდ მარტივად შეცვლის.
გამომდინარე აქედან, წარმოუდგენლად მეჩვენება ამ რეგიონში მოვლენების დინებაზე მიშვება. მიუხედავად ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების არსებობისა, აუცილებელია დიპლომატიური კონტაქტების გაძლიერება კავკასიის ყველა ქვეყანასთან და თურქეთის ქმედებების მიმართ უფრო მეტად ნიუანსირებული პოზიციის ჩამოყალიბება. ეს დამატებითი რისკების შეჩერებისა და საბოლოო ჯამში, არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემდა უკეთეს დრომდე.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას