ეკატერინე მიქარიძე
თუმცა ყველაზე დიდი შეტევა — ეს ივნისის წყალდიდობა იყო, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა და ნგრევაც.
წლის მიღწევად კი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე ევროკომისიის დადებითი დასკვნა შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც საახალწლო საჩუქარიც კი უწოდეს.
უფრო დაწვრილებით, თუ რომელი გამოცდა ჩააბარა საქართველომ ფრიადზე და რომელში ჩაიჭრა, კვლევების შედეგებიდან შევიტყობთ.
ყველაზე თავისუფლები
ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ გარშემო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ქართულ მედიასივრცეში სიტყვის თავისუფლების ხარისხმა იკლო. მაგრამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებგარეშე“ მიერ ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ საქართველომ 2015 წელს უზარმაზარი ნახტომი გააკეთა სიტყვის თავისუფლების კუთხით, გადაადგილდა რა 84–ე ადგილიდან 69–ზე.
ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან წინანდელი პოზიცია შეინარჩუნა სომხეთმა, ლიტვამ ერთი პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 31–ადგილზეა, ხოლო უარყოფითი დინამიკა დაფიქსირდა: უკრაინაში — ქვეყანამ 127 ადგილიდან ორი პუნქტით ქვემოთ ჩაინაცვლა, აზერბაიჯანში — რომელიც 160–ე ადგილიდან 162–ეზე აღმოჩნდა და რუსეთში, რომელმა ოთხი პუნქტით გაიუარესა მდგომრეობა და ახლა 152–ე ადგილზეა.
მოხსენების ავტორთა აზრით, რუსეთში პრესის თავისუფლება სტაგნაციას განიცდის, რასაც ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებასთან აკავშირებენ.
კვლევების თანახმად, მედია ყველაზე მეტად თავისუფალია ფინეთში, ყველაზე შეზღუდული კი ერითრეაში, ანუ 2014 წლის ვითარება ამ მხრივ არ შეცვლილა.
ლიდერ–ქვეყანათა ათეულში შევიდნენ: ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია,ავსტრია,კანადა, იამაიკა და ესტონეთი.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, საქართველო უკვე მეორე წელია 93–ე ადგილზეა 199 ქვეყანას შორის.
ყველაზე მშვიდობისმოყვარულები
საქართველომ ასევე გააუმჯობესა მშვიდობისმოყვარეობის ინდექსი. გასულ წელს ქვეყანა 139–ე ადგილს იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეზობლების მიმართ აგრესიული რიტორიკა გაწონასწორებული ტონალობით შეცვალა, 79–ე ადგილზე აიწია.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ Global Peace Index 2015 აჩვენა, რომ მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა ისლანდია, რომელმაც რეიტინგში პირველი ადგილი
იმის წყალობით დაიკავა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში აგრესია საერთოდ არ ახასიათებს, შიდა პოლიტიკაში ძალადობის ძალიან დაბალი პროცენტი აქვს, პოლიტიკურად მეტად სტაბილურია და ქვეყანაში დაცულია მოქალაქეთა უფლებები.
ლიდერთა ათეულში ასევე შედიან: დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ფინეთი, კანადა, იაპონია, ავსტრალია და ჩეხეთი.
ყველაზე სამართლიანები
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პერმანენტულად ადანაშაულებდა ქართულ მართლმსაჯულებას მიკერძოებულობასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში, ფიქსირდება საქართველოს პროგრესი კანონის უზენაესობის კუთხით. საქართველომ ამ მიმართულებითაც გაიუმჯობესა მაჩვენებელი და 31–ე ადგილიდან 29–ე ადგილზე გადაინაცვლა.
ყველაზე სამართლიან ქვეყნად 2015 წელს დანია დასახელდა. მას მოსდევს ნორვეგია, შვეცია, ფინეთი და ნიდერლანდები. ლიდერთა ათეულში არიან: ახალი ზელანდია, ავსტრია, გერმანია, სინგაპური და ავსტრალია. ამ ჩამონათვალში საქართველომ ორი პუნქტით აიწია ზემოთ — 31–ე ადგილიდან 29–ეზე.
ამ რეიტინგში ბოლო ადგილებზე არიან: ზიმბაბვე, ავღანეთი და ვენესუელა.
ყველაზე კონკურენტულუნარიანები
2015 წელს საქართველომ უფრო მეტი კონკურენტუნარიანობა გამოავლინა, ვიდრე 2014 წელს. ამ ჩამონათვალში ჩვენი ქვეყანა 6 პუნქტით გაუმჯობესებულ 66–ე ადგილზეა. მას მოსდევს უკრაინა (79), ტაჯიკეთი (80), სომხეთი (82), მოლდოვა (82) და ყირგიზეთი (102). მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოდ დასახელდა შვეიცარია, რომელიც უკვე შვიდი წელია, რაც პირველ ადგილს იკავებს.
კვლევა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკურმა ჯუფმა ჩაატარა. ისევე როგორც 2014 წელს, მეორე ადგილი ახლაც სინგაპურმა დაიკავა, მესამე — აშშ–მა, მეოთხე — გერმანიამ, მეხუთე კი ნიდერლანდებმა. ლიდერთა ათეულს განაგრძობენ ქვეყნები: იაპონია, ჰონკონგი, ინეთი, შვედეთი და დიდი ბიტანეთი.
საქართველომ ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა და 72–ე ადგილიდან 66–ეზე აინაცვლა.
ყველაზე ხელსაყრელები ბიზნესის წარმოებისთვის
საქართველოს თავისუფლად შეუძლია დაიკვეხნოს ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებით მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის ავანგარდში. ამ კუთხით უკვე მეცხრე წელია სინგაპური ლიდერობს.
Doing Business 2016–ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, სწორედ ეს ქალაქი–სახელმწიფო ატარებს ბიზნესის წარმოების პირობების გასაუმჯობესებლად თანმიმდევრულ რეფორმებს. ლიდერ ქვეყანათა პირველ ათეულში ასევე შედიან: ახალი ზლანდია, დანია, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი.
საქართველო ამ რეიტინგში საპატიო 24–ე ადგილს იკავებს და ანგარიშში მოიხსენიება, როგორც მეოთხე საუკეთესო ქვეყანა ევროპასა და შუა აზიაში.
ამ რეიტინგში აზერბაიჯანი 63–ე ადგილზეა, სომხეთი 35–ზე, თურქეთი 55–ზე, უკრაინა 83–ზე, რუსეთი 51–ზე.
ყველაზე უსაფრთხოები
გასულ წელს ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ხალხს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იბირებდნენ. ამას გარდა, გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ტერორისტული ორგანიზაციის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები მოუწოდებდნენ საქართველოს მუსლიმებს, მხარი დაეჭირათ „ისლამური სახელმწიფოსთვის“, დანარჩენებს კი ხალიფატის დამყარებით ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ ტერორისტული ორგანიაზციის ერთ–ერთი ლიდერთაგანი, უმარ აშ–შიშანი სინამდვილეში საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილი გახლავთ.
თუმცა ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებითაც კი, კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერია ტერორიზმის სიმცირის კუთხით. ჩვენმა ქვეყანამ ამ რეიტინგში მთელი 11 პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა და მე–60 ადგილიდან 71–ზე გადაინაცვლა. ტერორიზმის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ერაყში, ავღანეთში, ნიგერიაში, პაკისტანსა და სირიაში. ამ ქვეყნების წილად მოდის მსოფლიოს ტერაქტების 57% და ამ მიზეზით დაღუპულ ადამიანთა 78%.
ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შედგენილ 2015 წლის ტერორიზმის ინდექსში ზემოთ ჩამოთვლიო ქვეყნებს მოჰყვებიან: ინდოეთი, იემენი, სომალი, ლიბია, ტაილანდი, ფილიპინები და უკრაინა.
გასულ წელს დაფიქსირდა ტერაქტების რაოდენობის უმსხვილესი ზრდა ბოლო ათწლეულში. ყველაზე მეტად აქტიურები ამ კუთხით იყვნენ: „ისლამური სახელმწიფო“, „ბოკო ჰარამი“, „ ალ–ქაიდა“ და „თალიბანი“. მათ წილად მოდის ტერორისტული შეტევების შედეგად დაღუპულთა 66%.
შედეგების დაჯამება გვიჩვენებს, რომ საქართველოს განვითარებაში პოზიტიური დინამიკა ყველა მიმართულებით შეინიშნება: მედიის თავისუფლებაშიც დიდი გარღვევა გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაშიც დიდ წარმატებებს ვაღწევთ, ბიზნესის განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ვქმნით და რბილ საგარეო პოლიტიკასაც ვატარებთ.
მიუხედავად ამისა, ეს მიღწევები ჩვენს მოქალაქეებს სრულ კმაყოფილებას რატომღაც მაინ არ გვრის. ან ციფრები არ ასახავს სინამდილეს სრულად და ანდაც ჩვენებურ კაცს მოთხოვნილებაც და ფასეულულობებიც შეეცვალა. ეს კია, რომ ყველაზე არაბედნიერებად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს მოქალაქეები დასახელდნენ.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო პროექტ „მდგრადი განვითარების ქსელის“ ანალიტიკოსები, რომლებმაც საქართველო ამ მიმართულებით 130–ე ადგილზე გაამწესეს სომხეთის (127–ე ადგილი), უკრაინის (111), ტაჯიკეთის (106), მოლდოვას (52), ყაზახეთის (54), ლიტვისა (56) და ბელორუსის (59) შემდეგ.
ასეთია საწყენი სინამდვილე. ჩვენ კი ისეთი ქვეყანა გვსურს, როგორიც შვეიცარიაა, რომელიც გასული წლის უბედნიერეს ქვეყნად აღიარეს და სადაც „ბედნიერების ინდექსი“ 7.587 ქულას შეადგენს.