თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე ოთხშაბათს, 30 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნის ბიზნეს-საზოგადოებასთან შეხვედრა.
საქართველოს პარლამენტმა 29-30 დეკემბრის ღამეს ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა — მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა — 28. ახალ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ — „ერთიანმა ნაციონალმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“.
„მინდა, ვთხოვო ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას, რათა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ორგანიზება შეხვედრას საქმიან წრეებთან. მინდა, რომ შეხვედრაზე იყვნენ არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენები, არამედ მოვიწვიოთ ახალი სახეები, ძალიან ბევრი ახალი მეწარმე და ბიზნესმენია და მინდა მათ შევხვდე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც აპირებს შეხვედრას.
ახალი მთავრობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ჩამოყალიბდა. საპარლამენტო უმრავლესობამ მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატურა მოიწონა პრეზიდენტმაც.
კვირიკაშვილმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა, სადაც თითქმის ყველა მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს. შეიცვალა მხოლოდ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელი თანამდებობებიც თავად კვირიკაშვილს ეკავა. ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმტრი ქუმსიშვილი გახდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი — საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.