ახალი დასი ძველი სოლისტებით

© https://www.facebook.com/parliamentgeo/პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

 სულხან მელაძე

 ახალი წლის მობრძანებამდე სამიოდე დღით ადრე ხალხის რჩეულები და მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის წევრები რიონისპირა ქალაქში შეიკრიბნენ. თავყრილობის მიზანი — დიდი და ნათელი… პარლამენტარებს გიორგი კვირიკაშვილმა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამა წარუდგინა და…

30 დეკემბერი, 00:14 საათი. 86 მომხრე, 28 წინააღმდეგი. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. საქართველო ახალ წელს ძველი ახალი მთავრობით ხვდება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ახალი მთავრობის შექმნამდე, მოვალეობის შესრულებას იგივე შემადგენლობა განაგრძობს

 იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერდა ოპოზიცია — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მსოფლმხედველობრივად მისი მონათესავე „თავისუფალი დემოკრატები“. 

 პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენამდე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად ორივემ ერთად ჯამურად სამი საათი გამოიყენეს ორთქლის გამოსაშვებად და ვინც არ დაიზარა ტელეეკრანზე „სანახაობა“ ნამდვილად იხილა. არაფორმალური მმართველობა, შემცირებული ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, გაზრდილი უმუშევრობა, სიღარიბე, სახელმწიფო აპარატის შესანახად გაზრდილი ხარჯები, ნეპოტიზმი და თავისუფალი სიტყვის დევნა…

 ოპოზიცია ახლაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მთავრობის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების მრავალფეროვნებით.

  როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მთავრობის დამტკიცების საპატიო და მძიმე მისია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ იტვირთა და მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების ნამოქმედარის ავსა და კარგზე პასუხისმგებლობაც მას დაეკისრება. თუმცა ამ საკითხზე „ოცნების“ კოალიციის წევრებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობა  ჩვენში უკვე დიდი ხანია სწორედ ოცნების სფეროს განეკუთვნება და ის არავის ემუქრება. 

 ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამონთავისუფლებული სავარძლები შესაბამისად დიმიტრი ქუმსიშვილს და მიხეილ ჯანელიძეს ერგოთ. სულ ეს არის და ეს. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

მილოდინი სხვაგვარი იყო და ისე როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ამჯერადაც ეს მოლოდინი თავად პოლიტიკური „ელიტის“ მმართველი ნაწილის წარმომადგენლებმა გააჩინეს. ითქვა, რომ მოსალოდნელი იყო საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები. გიორგი კვირიკაშვილმა. პოლიტმეგობრებს ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ამპლუაში აუბა მხარი. სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ 25 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები იქნებოდა. დასძინა, რომ ჩამოსაყალიბებლად ორი დღე ითხოვა. რა მოხდა ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში და რატომ შეიცვალა პოზიცია უცნობია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ კოალიციაში ვერ შეთანხმდნენ კარს მომდგარ მაიმუნის წელს ვინ შეხვედროდა მინისტრის და ვინ ნამინისტრალის რანგში.

  ხალხში ამბობენ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებისას პოზიციები რამდენიმე თუ არა, სულ ცოტა ერთი სახელმწიფოს ადმინისტრაციის ხედვებთან უნდა შეჯერდეს. თუ ასეა, ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ახლა საშობაო არდადაგებია და ჩვენთვის არავის ცხელა. ასე თუ ისე უკვე შაბათს საზოგადოებამ შეიტყო, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები სამომავლოდ გადაიდო. 

 რატომ? ამ საკითხს ნაახალწლევს განვავრცობ და სავარაუდოდ სტატიას შემოგთავაზებთ სახელწოდებით — რატომ ძველი ახალი? დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებს კვლავაც არ გამორიცხავს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს უცვლელად წარუდგენს

გიორგი კვირიკაშვილი: „პრიორიტეტი იყო, რომ უმოკლეს ვადაში მიგვეცა ახალი მთავრობისთვის მანდატი. ამ მოკლე პერიოდში ვიცე-პრემიერის პოსტიდან სპეციფიკის დეტალების გაკრვევა შეუძლებელია.ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგინე მთავრობის სრულიშემადგენლობა, გუნდი, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. ღრმად და დეტალურად გავეცნობი თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდეს".

პრემიერ-მინისტრის ამგვარი ხედვა სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილს მოსწონს გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობის უცვლელად დატოვებაზე

გიორგი მარგველაშვილი: „მე ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის. პერიოდი, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდა, გარკვეულ წილად ითხოვს სწრაფ ქმედებას — საჭიროა რომ სწრაფ პერიოდში, ახალ წლამდე დაკომპლექტდეს მთავრობა და საქართველოს ჰყავდეს მოქმედი მთავრობა და არა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ პოლიტიკურმა გუნდმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები".   მაშ ასე, საკადრო ცვლილებები გადაიდო და რეალურად არავის უწყის როდის და რა მასშტაბით განხორციელდება ის. ბუნდოვანია მმართველ კოალიციაში როგორ წარიმართება ეს პროცესი და რამდენად დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში გიორგი კვირიკაშვილი და ზოგადად სახელისუფლებო გუნდი.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „რა ცვლილებები მოხდება მთავრობაში — ვერ გეტყვით, არ ვარ კულუარულ ინფორმაციაზე ორიენტირებული. მე მგონი, გიორგი კვირიკაშვილი შეარჩევს მინისტრებს კონსულტაციების საფუძველზე, თუ მას იძულებულს გახდიან მიიღოს ესა თუ ის კანდიდატურა. საქმე ისაა, რომ ახლა საჭიროა მსოფლმხედველობრივად ერთ პოზიციებზე მდგომი რამდენიმე მაღალპროფესიონალი მთავრობაში, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ დაიძრეს…“

 უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას თავისი გავლენა ექნება მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებათა განხორციელების პროცესზე. 

 ახლა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე სერიოზული გამოწვევაა. ერთის მხრივ საარჩევნო სიის ფორმირება და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური პერიპეტიები და მეორეს მხრივ მინისტრთა კაბინეტის განახლება. ორივე საკითხის სირთულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დიდი ხანია ცვლილებებს ითხოვს და ელის, არ გამოვრიცხავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპარლამენტო არჩევნებამდე სტატუსკვოს შენარჩუნებას. გავეჯიბრები ექსპერტ-ანალიტიკოსებს და ვიტყვი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხები ერთ პაკეტში განიხილება და კოალიციაში შემავალი ერთი რომელიმე კონკრეტული პოლიტ სუბიექტის მხრიდან ხისტი ქმედება შესაძლოა პარადოქსული და მოჩვენებითი, თუმცა ჯერ კიდევ არსებული ერთობისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. საკადრო ცვლილებები დროებით დავივიწყოთ. ვიკითხოთ სხვა რა პოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:„პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება, მაგრამ პროდასავლურ პარტიებთან დასაახლოებლად მეტი ველი გამოთავისუფლდება.,,თავისუფალ დამოკრატებთან“, მომღერალ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან, უკრაინელი ოლიგარქის,,,ქობულეთელი“ ჩერნოვეცკის პარტიასთან,,,ნაციონალებიდან“ წასულ,,გირჩთან“, მარგველაშვილი–ელისაშვილის ირგვლივ გაერთიანებულ ძალასთან საურთიერთობოდ, რომლებიც ცალსახად პროდასავლურ ძალებად მოიაზრებიან და ამერიკელების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებთან და მედიასთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ.,,ნაციონალები“ ამ პროცესში,,ოცნებას“ კიდევ უფრო დასცილდნენ და დაშორდებიან, თუმცა კიდევ უფრო მკაფიოდ დაფიქსირდება,,ოცნების“ ანუ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ იგი პრორუსულ პარტიებად შერაცხულ,,პატრიოტთა ალიანსთან“ და ნინო ბურჯანაძესთან არ ითანამშრომლებს. ასეთ ცვლილებებს ველი უახლოეს მომავალში“.

 რიგგარეშე სესია დაიხურა და მაღალჩინოსანთა ავტოკოლონა დედაქალაქისკენ დაიძრა. ვნახოთ რას შეძლებს და რას არა ახალი მთავრობა ძველი სახეებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0