თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აპირებს პარლამენტს უცვლელად წარუდგინოს დასამტკიცებლადმინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე იქნება წარდგენილი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განცხადება საბათს, 26 დეკემბერს გაავრცელა.
ამასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დამტკიცების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მტავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელოს.
„პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება“, — ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველასთვის მოულოდნელად განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრებს შეუჩერდათ უფლებამოსილებები და ამ დროისათვის ყველა მათგანი მოვალეობის შემსრულებელია.