თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის უცვლელად დატოვების თაობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შაბათს, 26 დეკემბერს განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა შაბათს განაცხადა, რომ პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას წარუდგენს, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრით.
„დრო როდესაც ეს მოხდა, სწრაფ მოქმედებებს მოითხოვს, რადგან ეს წლის ბოლოა და ვფიქრობ კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება სწორი იყო, რადგან წლის ბოლომდე აუცილებელია მთავრობის ფორმირება, რათა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ყავდეს და არა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები,“- თქვა მარგველაშვილმა.
23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველასთვის მოულოდნელად განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრებს შეუჩერდათ უფლებამოსილებები და ამ დროისათვის ყველა მათგანი მოვალეობის შემსრულებელია.