თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იგივე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება, ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე განთავსდა. პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მოაწერა.
23 დეკემბერს საღამოს 20:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. „ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, — განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც თავი შეიკავა თავისი გადაწყვეტილების რეალური მიზეზების დასახელებისაგან. პრემიერის წასვლასთან ერთად, გადაყენებულად ითვლება მთელი მთავრობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელშია მოქცეული ქვეყნის მართვის ყველა სადავე, ხოლო პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს და მედიატორია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. კონსტიტუციის ეს ნორმა 2013 წელს ამოქმედდა, მანამდე საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო.
„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, ნათქვამია პრეზიდენტის მიერ 23 დეკემბერს ხელმოწერილ განკარგულებაში „საქართველოს მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ“.