თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ოთხშაბათს, 23 დეკემბერს გააკეთა. „ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, — განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც თავი შეიკავა ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზების დასახელებისაგან.
პრემიერის წასვლასთან ერთად, გადაყენებულად ითვლება მთელი მთავრობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელშია მოქცეული ქვეყნის მართვის ყველა სადავე, ხოლო პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს და მედიატორია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. კონსტიტუციის ეს ნორმა 2013 წელს ამოქმედდა, მანამდე საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო.
ქართული მედია და ექსპერტები, რომლებიც დღეს დილიდან წინასწარმეტყველებდნენ პრემიერის გადადგომას, თვლიან, რომ ღარიბაშვილი სათავეში ჩაუდგება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს და კოალიციის საარჩევნო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატებს შორის სახელდება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ამ პოსტზე ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, საქართველოს ხელისუფლებას სათავეში 2013 წელს ჩაუდგა. იმ დროისათვის 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე განაცხადეს, რომ პრემიერი გადადგა ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისის და მმართველი კოალიციის რეიტინგების ვარდნის ფონზე. თავის მხრივ „ქართული ოცნება“ ოპონენტებს მოუწოდებს არ გააკეთონ ნაჩქარევი დასკვნები.