თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ყველა ჩემი ნაბიჯი იმ არჩევანიდან გამომდინარეობდა რასაც პასუხისმგებლობა მაკისრებდა“ — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საღამოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მისი თქმით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა დამყარდა.
„ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი — თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს — გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში", — განაცხადა ღარიბაშვილმა მისი პრემიერ-მინისტრობის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე საუბრისას.
მიმართვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, თანამებრძოლებს, მეუღლესა და შვილებს.
„ჩემი ოცნება არის იყო და იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, — ასე დაასრულა თავისი გამოსვლა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.